პსჟ-მა და „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.
გუშინ, პარიზული გუნდის წარმომადგენლები საფრანგეთის ქალაქ ნიცაში „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ და ტრანსფერის ძირითად დეტალებზე შეთანხმდნენ.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა Lequipe-ს ინფორმაციით, იურიდიული შეთანხმების გასაფორმებლად კიდევ რამდენიმე დეტალის გავლა მოუწევთ, რომელიც უახლოეს დღეებში საბოლოოდ გადაწყდება.
ამასთან, ხვიჩას „ნაპოლისგან“ პსჟ-ში სამედიცინო შემოწმების გავლაზე ნებართვა ჯერ არ მიუღია, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხი იქნება.
Lequipe წერს, რომ დღის განმავლობაში, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი პსჟ-ს საფეხბურთო მრჩეველს ლუიშ კამპუშს შეხვდება და მხარეები საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ.
საგულისხმოა, რომ გუშინ, ყველა გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა დაწერა, რომ პსჟ და „ნაპოლი“ საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან და შესაბამისად, კვარა პარიზში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ „ნაპოლის“ 70-80 მილიონ ევროს გადაუხდის, ხვიჩა კი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურების სახით წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს.
წყარო: CrystalSport