Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტში, გადაჭრილ გორაზე, სადაც მსოფლიოში ღვინის უძველესი კვალი იქნა აღმოჩენილი, არქეოლოგიური ზონის დაცვისა და განვითარების მიზნით შექმნილი პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულებულია, კერძოდ, გადახურვის კონსტრუქციის საყრდენი სვეტებისთვის მოეწყო საძირკვლები; სვეტებზე დამონტაჟდა ლითონის ფერმული ტიპის გადახურვის კონსტრუქცია, რაზეც მოეწყო პოლიკარბონატის ფილები, ხოლო ლითონის კონსტრუქციაზე – დაკიდული პანდუსი შეფიცვრით და მოაჯირით; დამონტაჟდა შიდა და გარე ელექტროგაყვანილობა, შესაბამისად, არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება, გარემოსა და ლანდშაფტის აღქმა უკვე შესაძლებელია ფერმებზე დაკიდებული საფეხმავლო პანდუსის საშუალებით.
სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების ფარგლებში გადაჭრილ გორაზე ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 2023-2024 წლებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიუჯეტიდან გამოიყო 2 110 212 ლარი.
გადაჭრილ გორაზე ჩასატარებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უძღვებოდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს ,,ნიუ კონსტრაქშენი”.
გადაჭრილი გორის არქეოლოგიური ზონა და ნამოსახლარი მიწის შენობა-ნაგებობების სახით არის წარმოდგენილი, რომელთაც აღმოჩენის შემდგომ ქარი და წვიმა რეცხავდა, ამიტომ 2022 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ეგიდით დაიწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა ძეგლი ყოფილიყო დაცული და სტუმრებს ენახათ ადგილი, სადაც აღმოჩნდა როგორც ვაზის, ასევე ღვინის უძველესი ნაკვალევი მსოფლიოში.
ინფორმაციისთვის: ობიექტზე არქეოლოგიური გათხრები 2013 წელს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით დაიწყო. ექსპედიციას პროფესორი მინდია ჯალაბაძე ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან სამუშაოები უფრო მასშტაბური გახდა.
2015 წელს აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ანალიზისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის უნივერსიტეტში გაგზავნა, სადაც დადგინდა, რომ ჭურჭლის ფორებში შემორჩენილი იყო 8000-წლოვანი ღვინის ნაშთები. 2017 წელს ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მსოფლიოს 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის დასახელდა. იგი ავლენს მდიდარ ისტორიას, რომელიც საქართველოს ღვინის აკვნად წარმოაჩენს.
საგულისხმოა, რომ 2021 წელს, როდესაც კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა, მინისტრმა თეა წულუკიანმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის იმდროინდელ მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად მოინახულა ნამოსახლარი. ლევან დავითაშვილის შუამდგომლობითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ტერიტორია გადაეცა საქართველოს კულტურული მემვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. რადგან ტერიტორიას ბუნებრივი მოვლენების გამო საფრთხე ემუქრებოდა, კულტურის სამინისტრომ გამოყო შესაბამისი სახსრები და მიიღო ზომები მის დასაცავად.
2024 წლის 22 თებერვალს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის ნამოსახლარში გადაჭრილი გორის არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების მხარდამჭერები არიან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა.
გადაჭრილი გორა იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ასევე – საგანმანათლებლო-სამეცნიერო ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.