საქართველოს უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამები შესაძლოა, 3-წლიანი გახდეს.
ამის შესახებ „საქმიანი დილას“ ეთერში, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ ისაუბრა.
როგორც მან განათლების მინისტრთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განმარტა, ახალი აკადემიური წლიდან რიგ უნივერსიტეტებში სწავლება 3-წლიანი ბიზნესს ადმინისტრირებაზე იქნება. ვადის შემცირება ასევე განიხილება IT-მიმართულებებზეც.
ბაკალავრიატის გარდა, ვადის ცვლილებები დაგეგმილია მაგისტრატურისთვისაც. განიხილება, რომ 2 წლის ნაცვლად სწავლება 1 წლამდე შემცირდეს.
“საკმაოდ პროგრესულია მინისტრი და მისი გუნდი, საკმაოდ ბევრი ინიციატივაა, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე საუბარია, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგიერთ მიმართულებაში დაშვებული იყოს 3-წლიანი ბაკალავრიატი. საწყის ეტაპზე ეს იქნება ბიზნესის ადმინისტრირება.
ზოგადად, ძალიან დროულია ასეთი ტიპის სიახლეები, იმიტომ, რომ იცვლება მიდგომა განათლებისადმი. თავიდან იყო 5-წლიანი, შემდეგ 4-მდე შემცირდა, ახლა ევროპაში ბევრგან 3-წლიანია და ჩვენც უნდა გადავსულიყავით ამაზე.
თანამედროვე ეპოქაში ცოდნის მიმართ მიდგომები იცვლება, არ არის საჭირო ისეთი ტიპის ცოდნები, როგორიც საჭირო იყო 10, 20 თუ 50 წლის წინ. ახლა უნარებზე ორიენტირებული ცოდნაა საჭირო, რაც მიიღწევა 3-წლიან პირობებში.
სწავლის მიღება მუდმივი პროცესია, მუშაობის დროსაც მუდმივად სწავლობ, თუმცა ის პირველი საფეხური, რომლითაც პროფესიის პირველადი უნარები გექნება, ამის დაუფლება შესაძლებელია 3 წლის განმავლობაში. ცხადია, ამისთვის უნდა შეიცვალოს სასწავლო პროგრამები და მიდგომები უნდა გახდეს თანამედროვე.
ის უნივერსიტეტები, რომლებიც არ არიან მზად, ალბათ საბოლოო ჯამში ვეღარ უპასუხებენ დროის მოთხოვნებს. უფრო მეტიც, რექტორის საბჭოზე იყო მსჯელობა იმაზე, რომ თუ ტექნიკურად მოხერხდა და უნივერსიტეტებმა მოასწრეს პროგრამების აკრედიტება, უკვე სექტემბრიდან, ანუ მომდევნო აკადემიური წლიდან შესაძლებელი იქნება სტუდენტებისთვის 3-წლიანი პროგრამების შეთავაზება.
ეს არ არის მოთხოვნა, ეს არის შესაძლებლობა მათთვის, ვინც მზად არის და მორგებულია თანამედროვე მოთხოვნებზე. ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ბიზნესს ადმინისტრირებაზე ჩვენ ვართ ევროპის მიერ აკრედიტირებულები, ასევე გავდივართ ახლა ამერიკულსაც, ასე რომ მზადყოფნა გვაქვს“, – განაცხადა თოფურიამ.
საქართველოს უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, რითაც უფრო მეტი რაოდენობის უცხოელი სტუდენტის მიღებას შეძლებს.
“ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც. ვინაიდან ჩვენი მიზანია საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად ვიქცეთ, აუცილებელია ვიყოთ კონკურენტუნარიანი. როცა უცხოელი სტუდენტი ჩამოდის, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მეტი ცოდნა მიიღოს. თუ ევროპაა ალტერნატივა, სადაც 3 წელში მიიღებს ამას, რა თქმა უნდა ჩვენი უპირატესობა მცირდება.
ახლა თუ მთლიანი სტუდენტების 60% სწავლობს მედიცინაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3-წლიანი პროგრამების შემოღებით შევძლებთ უფრო მეტი სტუდენტი ჩაირიცხოს სხვადასხვა პროგრამებზეც. ეს გააიაფებს სწავლებას, რადგან თუ ადამიანს უწევდა 4 წლის განმავლობაში წლიური საფასურის გადახდა, ახლა მოუწევს 3 წლის განმავლობაში. თუმცა სხვა ეკონომიკური პროცესები ფასებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. ახლა გამიჭირდება გითხრათ, რა მოუვა სწავლის საფასურს სამომავლოდ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების მატება განაპირობებს იმას, რომ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექმნებათ ქართველი სტუდენტებისთვის საფასური არ გაზარდონ. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტა, რაც ჩვენ კონკურენტუნარიანებს გაგვხდის ბაზარზე, მისასალმებელია“, – განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას კოკა თოფურიამ.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირაში საქართველოს განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები განიხილეს და საუნივერსიტეტო სივრცეების კიდევ უფრო განვითარების მიზნით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა.