This is a specific ad

როგორ გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპზე თავდასხმას

13

Another advertisement

პენსილვანიაში, წინასაარჩევნო მიტინდის დროს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან და მსგავს ძალადობას გმობენ.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი:

“მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდაჭერების შეხვედრაზე სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ გავიგე, რომ ის უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს. მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც აქციაზე იყო, რადგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. მე და ჯილი მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ის უსაფრთხოდ მიიყვანეს. ამერიკაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დავგმოთ ის,” – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, კამალა ჰარისი:

“მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის ღონისძიებაზე სროლის შესახებ. მე და დაგი [მეუღლე] შვებას ვგრძნობთ, რომ ის სერიოზულად არ დაშავებულა. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის, მისი ოჯახისა და ყველასთვის, ვინც დაშავდა და დაზარალდა ამ უაზრო სროლის შედეგად. ჩვენ მადლობელი ვართ შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს, პირველ რეაგირებას და ადგილობრივ ხელისუფლებას მათი დაუყოვნებელი მოქმედებისთვის. ასეთ ძალადობას ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ეს ამაზრზენი ქმედება და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმისთვის, რომ მას არ მოჰყვეს მეტი ძალადობა,” – განაცხადა კამალა ჰარისმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი:

“მთელი თავდაცვის დეპარტამენტი გმობს ამ ძალადობას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს ადგილი ჩვენს დემოკრატიაში. ეს არ არის გზა, რომლითაც ჩვენ ვაგვარებთ ჩვენს უთანხმოებებს ამერიკაში – და ეს არასოდეს უნდა იყოს. მე მშვიდად ვარ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის და მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც დაზარალებულია ამ საშინელი ინციდენტით,” – წერს ოსტინი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი:

“შოკირებული და დამწუხრებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის ყრილობაზე სროლით და მადლობელი ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის და ის ყველამ უნდა დავგმოთ”, – დაწერა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა:

“ჩვენს დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი აბსოლუტურად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, ყველამ ვიგრძენით შვება, რომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი იმისათვის, რომ ჩვენს პოლიტიკაში ცივილიზებულობა და პატივისცემა დაბრუნდეს. მე და მიშელი მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,” – წერს ობამა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი:

“ძალადობას ამერიკაში ადგილი არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ პროცესში. მე და ჰილარი მადლობელი ვართ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის, გული დამწყდა ყველაზე, ვინც დაზარალდა პენსილვანიის დღევანდელ მიტინგზე თავდასხმის შედეგად და მადლობელი ვართ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფი მოქმედებისთვის,” – დაწერა კლინტონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი:

“ჩემი ფიქრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაა. მკვლელობის მცდელობის მსხვერპლთან, რომელსაც სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ერთი აქტივისტი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ეს ტრაგედიაა ჩვენი დემოკრატიისთვის. საფრანგეთი იზიარებს ამერიკელი ხალხის შოკსა და აღშფოთებას”, – წერს ემანუელ მაკრონი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი:

“შეძრწუნებული ვარ პენსილვანიაში, ყრილობაზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სროლის შესახებ. ასეთ ძალადობას მსოფლიოში გამართლება და ადგილი არ აქვს. ძალადობა არასოდეს უნდა ჭარბობდეს. მე შვება ვიგრძენი, რომ დონალდ ტრამპი ახლა უსაფრთხოდაა და მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამძიმარს ვუცხადებ თავდასხმის მსხვერპლის ახლობლებს, აქციის მონაწილეს. ძალას ვუსურვებ ყველას, ვინც შეძრწუნებულია ამ მოვლენით. ვისურვებდი, რომ ამერიკა ამისგან უფრო ძლიერი დარჩეს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი:

“შოკირებული ვარ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის ამბებით, რომელსაც მე მკაცრად ვგმობ. კიდევ ერთხელ ვხედავთ პოლიტიკური წარმომადგენლების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტებს,” – წერს ბორელი.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი:

“ღრმად ვარ შოკირებული იმ სროლით, რომელიც მოხდა ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს. დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახს. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში,” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი:

“პოლიტიკური ძალადობა დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია. ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას მკაცრას ვგმობ”, – წერს შარლ მიშელი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა:

“შოკირებული ვარ პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია, მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებებში. ჩემი ფიქრები მასთან და მსხვერპლებთანაა,” – წერს მეცოლა.

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ:

“მე და სარა შოკირებული ვიყავით პრეზიდენტ ტრამპზე აშკარა თავდასხმით. ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისა და მალე გამოჯანმრთელებისთვის,” – წერს ნეთანიაჰუ.

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ:

“შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სროლით. ჩვენს საზოგადოებებში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს. დონალდ ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. თავდასხმისას დაღუპული აქციის მონაწილეების მეგობრებსა და ოჯახს სამძიმარს ვუცხადებ”, – დაწერა მაია სანდუმ.

ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი:

“შოკირებული ვარ პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სროლით. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მას. ჩემი ფიქრები მსხვერპლებთანაა. პოლიტიკურ ძალადობას ნებისმიერი ფორმით არ აქვს გამართლება,” – წერს კალასი.

Kateqoriya: Cinayət, Dünya
Sonrakı yazı
დღეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება
Öncəki yazı
შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს – ირაკლი კობახიძე