This is a specific ad

თუ აირჩევთ, რომ საქართველო იყოს ერთპარტიული სახელმწიფო, საქართველოში არ იყოს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მაშინ საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი – პაველ ჰერჩინსკი

54

Another advertisement

იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ, რომ საქართველო იყოს ერთპარტიული სახელმწიფო, საქართველოში არ იყოს პოლიტიკური ოპოზიცია, საქართველოს არ ჰყავდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც თავისუფლად მოქმედებენ, თუ აირჩევთ,  საქართველოს არ ჰქონდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია, მაშინ საქართველო ვერავითარი გზით და ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი. არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რა მომავალი სურთ.

„ევროკავშირი არ იღებს მონაწილეობას საქართველოს არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, ყველა ქართველს, რომ წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს. ეს არის მათი უფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ინიციატივას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომელიც მიმართულია ელექტორალური პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ თავად ქართველების ხელშია არჩევანი, რომელ პარტიას უნდა დაუჭირონ მხარი. თქვენი გადასაწყვეტია, რა მომავალი გსურთ თქვენი ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის და თქვენი ბავშვებისთვის. ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად გადამწყვეტი. ასე რომ, გავიმეორებ, წადით და ხმა მიეცით. თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის ვიყავი ღია და გულწრფელი თქვენთან და ამას ვამბობ, როგორც ევროკავშირის ელჩი და არა როგორც პოლიტიკური კომენტატორი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.

„არჩევნები მოდის ერთ კვირაში. ეს თქვენი, ქართველების, არჩევანია, ეს თქვენი გადასაწყვეტია, რაც ეხება თქვენს და თქვენი შვილების მომავალს. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ევროკავშირი პატივს სცემს თქვენს არჩევანს. სწორედ ესაა ყველაზე დიდი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით თქვენს არჩევანს, თქვენი მომავალი თქვენი გადასწყვეტია და არავისი სხვისი, მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ღირებულებებზე. ესენია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ამ ღირებულებებზე მოლაპარაკებები არ გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ამომრჩევლები გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, სამოქალაქო საზოგადოების ქვეყნიდან გაგდებას, თუ თქვენ დაუშვებთ, რომ საქართველო გახდეს ადგილი, სადაც არ არის ადგილი თავისუფალი მედიისთვის, თუ გადაწყვეტთ, რომ თითოეული პიროვნების უფლებები საქართველოში არ იქნება დაცული, მაშინ, მინდა, გითხრათ ღიად – საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
Öncəki yazı
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი