This is a specific ad

ემუქრება თუ არა საქართველოს გეომაგნიტური ქარიშხლები – აისახება თუ არა ის ადამიანების ჯანმრთელობაზე?!

72

Another advertisement

ბოლო დროს ბევრგან წავიკითხე, რომ ივლისის მეორე ნაწილში უნდა ველოდოთ გეომაგნიტურ ქარიშხლებს. რაც უფრო ნაკლები ინფორმაცია გვაქვს ამ მოვლენაზე, მით უფრო საშიში ჩანს… რა არის გეომაგნიტური ქარიშხალი და როგორ გავლენას ახდენს ადამიანზე, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე  საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ასტროფიზიკოსი დარეჯან ჯაფარიძე ისაუბრებს:

– მზე ჩვენი სინათლის და სითბოს წყაროა, მის გარეშე სიცოცხლე დედამიწაზე წარმოუდგენელი იქნებოდა. 11 წელიწადში­ ერთხელ მზის აქტივობა იზრდება, შემდეგ მცირდება, შემდეგ კვლავ მატულობს. რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის მზე, მით უფრო მეტი და უფრო დიდი ლაქებია მის ზედაპირზე. იმავდროულად, იზრდება მზის ულტრაიისფერი რენტგენული რადიოგამოსხივება, რაც დაკავშირებულია მზის ზედაპირზე განვითარებულ აქტიურ პროცესებთან. მსგავსი პროცესებია მზის მძლავრი ამოფრქვევები და კორონული მასის გამოტყორცნა, რა დროსაც ერთბაშად ძალიან დიდი ენერგია გამოთავისუფლდება, რასაც მაღალენერგეტიკული ნაწილაკების (პლაზმის) ამოფრქვევაც ახლავს. თუ ამოფრქვეული პლაზმა გამოემართა დედამიწისკენ, მის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედების შედეგად ვითარდება გეომაგნიტური ქარიშხალი, რაც დიდ გავლენას ახდენს მის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებზე. გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწის პოლუსების მახლობლად პოლარული ციალის სახით ვლინდება, რისი დანახვაც თვალით შესაძლებელია. თუმცა, გარდა ამ ვიზუალური ეფექტისა, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე შესაძლებელია საქმიანობის ტექნოსფერო დააზიანოს, როგორიცაა კოსმოსური ექსპერიმენტები და მიწისპირა ტექნოლოგიური სისტემები.

– მაგალითად?

– მაგალითად, 2022 წლის 30 იანვარს მზის ზედაპირიდან მძლავრი კორონული მასა გამოიტყორცნა, რომელმაც რამდენიმე დღეში მოაღწია დედამიწის ზედაპირამდე და Space X-ის გაშვებული 49 თანამგზავრი დედამიწის ატმოსფეროში დაიწვა. ზარალმა 50 მილიონი დოლარი შეადგინა.

მსგავსი მოვლენები უფრო ადრეც ყოფი­ლა. 2003 წლის ოქტომბერშიც მზის ზედაპირიდან პლაზმის გამოტყორცნის შედეგად დედამიწის ზედაპირზე 30 საათის განმავლობაში GPS-სისტემა უმოქმედო იყო.

– შესაძლებელია წინასწარ ვიცოდეთ, როდის და რომელი ქვეყნისკენ გაიტყორცნება მზიდან პლაზმა?

– ყველაზე დიდი ალბათობით, ვიცით, რომ გეომაგნიტური ქარიშხალი განვითარდება დედამიწის პოლუსების მიდამოებში, როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში.

მზის ამოფრქვევების 5 კლასი არსებობს. ყველაზე მძლავრია X-კლასი. ამ დროს შესაძლებელია მძლავრი ამოფრქვევის ან მასის გამოტყორცნის შედეგად პოლუსებიდან ეკვატორამდეც კი მიაღწიოს გეომაგნიტური ქარიშხლის ეფექტმა. ყველაზე მძლავრი ასეთი მოვლენა დაფიქსირდა 1859 წლის 1-ლ სექტემბერს. ეს იყო ე.წ. კერინგტონის­ ქარიშხალი, რომლის დროსაც 25-30 გრადუს განედზეც კი მძლავრი პოლარული ციალი დაფიქსირდა. მაშინ ამ ფაქტმა ევროპასა და აშშ-ში ტელეგრაფის სისტემა მოშალა. ეს იყო ყველაზე მძლავრი გეომაგნიტური შეშფოთება, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც აღრიცხვა და დაკვირვება ხდება.

– საქართველოსთან დაკავშირებით რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მოვლენაზე?

– საქართველო მაინც სამხრეთის ქვეყნად ითვლება. ასე რომ, ნაკლებია ალბათობა,­ ისეთი ძალიან მძლავრი გეომაგნიტური ქარიშხალი დაატყდეს დედამიწას, ჩვენამდე რომ ამ ეფექტმა მოაღწიოს. პოლუსიდან საკმაოდ შორს ვიმყოფებით, მსგავსი მოვლენები უფრო პოლუსების მიმდებარედ ხდება.

– არის თუ არა დაკავშირებული მაგნიტური ქარიშხლები გლობალურ დათბობასთან?

– არა. ახლა იმიტომ არის გააქტიურებული გეომაგნიტური ქარიშხლების საკი­თხი, რომ მზის აქტივობის 11-წლიანი­ ციკლის მაქსიმალური ფაზა 2025 წელს არის მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე,­ რა თქმა უნდა, მზის ზედაპირზე აქტიური პროცესები უფრო გახშირდება და გაძლიერდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მზის აქტივობის მიმდინარე ციკლის მაქსიმუმი განსაკუთრებულად მძლავრი იქნება. საზოგადოდ, გარდა 11-წლიანი ციკლისა, მზის აქტივობისათვის დამახასიათებელია უფრო ხანგრძლივპერიოდიანი­ ციკლებიც და მზის აქტივობის დიდი მინიმუმებიც. მაგალითად, როგორიცაა ე.წ. მაუნდერის მინიმუმი (1645-1715), რომელიც დაემთხვა დედამიწის ზედაპირზე მცირე გამყინვარების პერიოდის მაქსიმუმს. ახლანდელი მონაცემებით, მსგავსი მინიმუმისკენ მიდის მზე ანუ ნელ-ნელა მისი აქტივობა იკლებს და ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, დაახლოებით 2055 წლისთვის (11 წელი) მზის აქტივობა მაუნდერის მსგავს მინიმუმს მიუახლოვდება, რაც, ასევე­ მეცნიერთა ნაწილის მოსაზრებით, გლობალურ დათბობაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს, ვინაიდან, როცა მზის აქტივობა ეცემა, შესაბამისად, მისგან წამოსული ენერგიაც შედარებით ნაკლები იქნება.

– ტემპერატურაც დაეცემა?

– სავარაუდოდ, მზის აქტივობის შესუსტება გლობალურ დათბობაზე მნიშვ­ნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. გლობა­ლური დათბობა უფრო უშუალოდ დედა­მიწის ზედაპირის პრობლემაა, პირველ რიგში ჩვენი ცუდი ქცევის. დიდი რაოდენობის ტყეები იჩეხება და ეს დიდი ტერიტორიების გაუდაბნოებას იწვევს, რითაც ბუნებრივი ციკლი ირღვევა. ამითაა გამო­წვეული გლობალური დათბობა, თუმცა­ პირველ ადგილზე დგას ე.წ. სათბური გაზები, რომელსაც ნახშირორჟანგიც მიეკუთვნება და მისი დიდი რაოდენობით გაფ­რქვევა ატმოსფეროში პირველი მიზეზია, რაც გლობალურ დათბობას უნდა იწვევდეს.­ სათბურის ეფექტი მოჰყვება­ გლობალურ დათბობას, რომელიც ჩვენი მეზობელი პლანეტის ვენერას ზედაპირზე უკვე არის განვითარებული. ვენერას ზედაპირზე მუდმივად ძალიან მაღალი ტემპერატურაა სწორედ იმის გამო, რომ მის ატმოსფეროში­ სათბურის გაზი პირველ რიგში ნახშირორჟანგია და მზიდან მიღებული ენერგია სითბოდ გარდაქმნის შედეგად ნახშირორჟანგის სათბურის გაზის გამო ვერ გაიფანტება სივრცეში.

– რამდენ ხანს გრძელდება მაგნიტური­ ქარიშხლები?

– ლიმიტირებული სტანდარტი არ არსებობს, რამდენიმე ათეული წუთიდან შესაძლოა რამდენიმე დღესაც გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიმძლავრის მოვლენა მოხდა მზეზე და იქიდან წამოსული პლაზმის მაღალენერგეტიკული ნაწილაკების რა რაოდენობამ მოახერხა დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრა.

– წერენ, რომ ივლისის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მაგნიტური ქარიშხლები, ე.ი. წინასწარი პროგნოზი შესაძლებელია. როგორ შეიძლება გაიზომოს მისი მოსალოდნელი სიმძლავრე?

– ახლა უკვე ვუახლოვდებით მზის აქტივობის ფაზის მაქსიმუმს, რაც 2025 წელს არის მოსალოდნელი. მზე 1-2 წლით ადრე იწყებს გააქტიურებას, ამიტომ მოსალოდნელია არა მაინცდამაინც ივლისის მეორე­ ნახევრიდან, არამედ ნებისმიერ დროს მოხ­დეს­ მზეზე მძლავრი შეშფოთება. მთავარია, რა მიმართულებით წავა მზიდან გამოტყო­რცნილი პლაზმა. თუ სხვა მიმართულებით წავა და არა დედამიწისკენ, დედამიწაზე არაფერი მოხდება. თუ ჩვენკენ წამოვიდა, მაშინ შეაშფოთებს დედამიწის გეომაგნიტურ ველს. სინათლემ მზიდან დედამიწამდე რომ მოაღწიოს, დაახლოებით 8 წუთი სჭირდება, გამოტყორცნილ პლაზმას კი დაახლოებით 2-3 დღე. მზის ზედაპირზე მომხდარი შეშფოთების სიმძლავრის მიხედვით წერენ ხოლმე, დაახლოებით რა სიძლიერის შეიძლება იყოს გეომაგნიტური ქარიშხალი.

– მიწისძვრას, წვიმას, ქარს ვგრძნობთ და ვხედავთ, მაგნიტური ქარიშხალიც ხილვადი და შეგრძნებადია?

– ხილვადია პოლარული ციალი, რომლის ხილვაც მხოლოდ პოლუსის მახლობელ განედებზე მცხოვრებთ შეუძლიათ, თუმცა იშვიათად, როგორც აღვნიშნე, მისი ნახვა დაბალი განედის მოსახლეობასაც შეუძლია. პოლარული ციალი ძალიან ლამაზი სანახაობაა. ამ დროს დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილი მაღალენერგეტიკული ნაწილაკები ჰაერის ნაწილაკებს შეეჯახებიან, რის შედეგადაც გამოიყოფა ენერგია და წარმოიქმნება სხვადასხვა ფერის ნათება. ატმოსფეროს შემადგენლობიდან გამომდინარე, დედამიწაზე ყოველთვის წითელი და მწვანე ფერი ჭარბობს, თუმცა­ მსგავსი პროცესი ხდება სხვა პლანეტებზეც და იქ ატმოსფეროს შემადგენლობის მიხედვით შეიძლება სრულიად სხვა ფერის პოლარული ციალი იყოს.

– მზის დაბნელების ხილვა ტურისტების მოსაზიდ მიზეზად იქცევა ხოლმე. გეომაგნიტური ქარიშხლის თვალის დევნებაც იწვევს ინტერესს, თუ უმჯობესია დავემალოთ, რათა ჯანმრთელობის პრობლემა არ შეგვექმნას?

– მზის დაბნელება აბსოლუტურად სხვა პროცესია, უბრალოდ, დროის მცირე მონაკვეთით მთვარე ჩამოეფარება მზეს. ამ დროს განსაკუთრებული არაფერი ხდება, ნათურას რომ რამე ააფაროთ, ხომ ბნელდება, ესეც მსგავსი პროცესია, ამიტომ ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს, გეომაგნიტური ქარიშხლები კი მაღალი ენერგიის ნაწილაკების შემოჭრის შედეგია. საზოგადოდ, მზის აქტივობის მატება გულსისხლძარღვთა დაავადებებზე ახდენს ზეგავლენას, ადამიანის ფსიქიკაზე და აქედან გამომდინარე, ისტორიულ პროცესებზეც კი.

– რას გულისხმობთ?

– სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღმოჩენილია კორელაცია მზის აქტივობის მაქსიმუმსა და დედამიწაზე­ ისეთ კატაკლიზმებს შორის, როგორიცაა ომები, რევოლუციები და სხვა ბობოქარი­ პროცესები, რომელმაც მოიცვა დედამიწა. როგორც ჩანს, მზის აქტივობა თამაშობს გადამწყვეტ როლს სოციალურ პროცესებშიც.

რაც შეეხება გეომაგნიტური ქარიშ­ხლების ზეგავლენას,­ ჯანმრთელი ადამიანისათვის მზის აქტივობის ზემოქმედება თითქმის შეუმჩნეველია. დასუსტებულ, გადაღლილ, ემოციურად­ არამდგრად პირებში გეოფიზიკური პროცე­სების ინტენსიფიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება, იმ სისუსტეების გამომჟღავნება, რაც მანამდე არსებობდა ორგანიზმში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა – პროგრამისტის დედა სოცქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს
Öncəki yazı
საქართველოში მიწისძვრა მოხდა