სავაჭრო ცენტრ ,,ლილო მოლში“ მიმდინარე სეზონი დადებითად ფასდება. 2022 წელთან შედარებით, რეალიზაცია გაიზარდა. თუმცა დიდი მოცულობით გაყიდვების ზრდას სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია დეკემბერში ელოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მან Business Insider Georgia- თან განაცხადა. „გარკვეული ზრდა შეიმჩნევა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „ლილო მოლში“ საახალწლო ვაჭრობა აქტიურ ფაზაშია. 4-ათასამდე მეწარმე მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. არის ფასდაკლებები და სავაჭრო სივრცე მზადაა მომხმარებლის მისაღებად“, – ამბობს გიორგი კვარაცხელია. „საახალწლო სეზონი ასტიმულირებს რეალიზაციას, თუმცა ჩვენი სავაჭრო ცენტრი უმეტესად მაინც ადგილობრივ მომხმარებლებზეა გათვლილი, რომელიც ყველა სეზონზე ინარჩუნებს მოთხოვნას, წელსაც ასეა. ახალი წლის სეზონზე რეალიზაცია ორმაგდება ხოლმე, ვფიქრობთ, ეს მოცემულობა წელსაც გვექნება“, – ამბობს გიორგი კვარაცხელია. მისი თქმით, „ლილო მოლის“ გაყიდვები და ბრუნვა COVID19 -ის პანდემიამდე მაჩვენებელს უბრუნდება. სავაჭრო ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ 2023 წელს „ლილო მოლში“ მეწარმეთა რაოდენობა გაიზარდა, აშენდა ახალი პავილიონები და დღეს სავაჭრო სივრცე 35 ჰექტარზეა წარმოდგენილი.
-