გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ორი რეზოლუცია მიიღო, მათგან ერთი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას შეეხება, ხოლო მეორე გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მუშაობას უჭერს მხარს.
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ შეწყვეტას განადგურებულ ღაზის სექტორში.
რეზოლუციას მხარი 158-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ცხრა, ხოლო 13-მა თავი შეიკავა.
მეორე რეზოლუციაში, რომელიც მხარს უჭერს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მუშაობას, ნათქვამია, რომ ისრაელმა პატივი უნდა სცეს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მანდატს და „მათ მისცეს ოპერაციების გატარების საშუალება დაბრკოლების ან შეზღუდვის გარეშე“.
რეზოლუცია 159 ხმით იქნა მიღებული, აშშ-მა, ისრაელმა და შვიდმა ქვეყანამ მის წინააღმდეგ მისცა ხმა, 11-მა თავი შეიკავა.
ცნობისთვის, ახალი კანონის მიხედვით, რომელიც ისრაელში იანვრის ბოლოდან ამოქმედდება, სააგენტოს ეკრძალება ისრაელში მუშაობა.
„მნიშვნელოვანია მესიჯები, რომლებსაც მსოფლიოს ამ რეზოლუციებით ვუგზავნით. ორივე რეზოლუცია პრობლემურ საკითხებს შეიცავს“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, რობერტ ვუდმა.
გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ რეზოლუციები ლოგიკის მიღმაა.
„დღეს ასამბლეის წინაშე მიღებული რეზოლუციები ლოგიკის მიღმაა. დღევანდელი კენჭისყრა არ არის თანაგრძნობის ხმა, ეს არის თანამონაწილეობის ხმა“, – განაცხადა დანონმა.