14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. ეს გადაწყვეტილება თავად მკვლელობაში ბრალდებულმა მიიღო.
თელავის რაიონული სასამართლოში 14 წლის შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს და 28 წლის კაცის გადაწყვეტილებით, საქმე ნაფიც მსაჯულებს არ გადაეცემათ.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურის შუამდგომლობით სხდომა დახურულია.
საქმე ეხება 14 წლის მოზარდს, აითაჯ შახმაროვას, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა კაცმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. მოზარდის წინააღმდეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა. საქმის ფარგლებში ახლა სულ ხუთი პირია დაკავებული.