ოპოზიცია, ისევე, როგორც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, დღესაც ბულინგითა და შეურაცხყოფითაა დაკავებული – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ემიგრანტების იმ კატეგორიის მიმართ დაწყებულ ბულინგთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რომელმაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს დაუჭირა მხარი.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მარცხი ყველას და ყველაფერს დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.
„ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ჩვენ ამ არჩევნებით დავამარცხეთ ფაშიზმი თავიანთი გარე მფარველებით. გვახსოვს, რით იყვნენ დაკავებული მთელი არჩევნების განმავლობაში და დღესაც იმავეს აგრძელებენ – ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, მუქარები. ვერ შეიცვლებიან ეს ადამიანები. ყველგან, სპორტიდან დაწყებული ბიზნესით დამთავრებული, თუ რაიმე სფერო არსებობს ქვეყანაში, მივიდნენ, ყველას შეურაცხყოფა მიაყენეს. თუ შენ განსხვავებული მოსაზრება გქონდა, მაშინვე შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. თავისიანებსაც კი, ახალგაზრდებს, GZ-ის აგინებდნენ, თქვენ წაგვაგებინეთ არჩევნებიო. რა შუაშია ახალგაზრდები, ხომ?! ეს დამოკიდებულებაა – თავიანთი თავის გარდა, ყველა დამნაშავეა, რომ ფიასკო, მარცხი განიცადეს და აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.