შონ „დიდი” ქომბსის საქმე დროის სვლასთან ერთად კიდევ უფრო მძიმდება. დაზარალებულთა წარმომადგენელმა ადვოკატმა, ტონი ბაზბიმ, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქომბსის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში სარჩელი ჯამში 120-მა ადამიანმა შეიტანა. ყველა სარჩელი სექსუალურ ძალადობას, გაუპატიურებას და შევიწროებას ეხება.
ბაზბის თქმით, მსხვერპლთა შორის 25 არასრულწლოვანია. ერთ-ერთი მომჩივანზე ქომბსმა მაშინ იძალადა, როცა ის ცხრა წლის იყო. “ამ უმნიშვნელოვანესი საქმის აგრესიულად გამოძიებას ვაპირებთ,” – განაცხადა ბაზბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ადვოკატის განცხადების მიხედვით, მსხვერპლთა ნახევარი კაცია, ნახევარი კი — ქალი. ქომბსი ამ ადამიანებზე 1991 წლიდან ძალადობდა. ინციდენტთა უმრავლესობა 2015 წლის შემდეგ მოხდა.
მომჩივანთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ქომბსის მიერ მოწყობილ წვეულებების შემდეგ გააუპატიურეს, დაზარებულთაგან რამდენიმე ათეული კი დამწყები მუსიკოსები იყვნენ, რომლებმაც ქომბსთან მუსიკალურ ინდუსტრიაში მოსახვედრად შესარჩევი გასაუბრება გაიარეს.
„ინდუსტრიაში მოხვედრის მსურველ ახალგაზრდა ადამიანებს ხშირად აიძულებდნენ ამ ტიპის ქმედებებს და ჰპირდებოდნენ, რომ თუ ქომბსის სურვილს დაემორჩილებოდნენ, ის მათ ნამდვილ ვარსკვლავებად აქცევდა ან უბრალოდ მოუსმენდა მათ შემოქმედებას,” – თქვა ტონი ბაზბიმ.
ერთი კაცი, რომელზედაც 9 წლის ასაკში იძალადეს, ამტკიცებს, რომ ქომბსმა და მისმა თანამშრომლებმა ნიუ-იორკში მდებარე ხმის ჩამწერ სტუდიაში სექსუალურად შეავიწროვეს, მაშინ, როცა სტუდიასთან ხელშეკრულების დადება სურდა. “ასეთი ძალაუფლება რომ არ ჰქონოდა, მგონია, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი. ინდუსტრიიდან წავედი იმის გამო, რაც ქომბსმა გამიკეთა,” – განაცხადა დაზარალებულმა.
ქობსს უჩივის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ძალადობის დროს არასრულწლოვანი იყო. მისი თქმით, მას “დიდიმ” უთხრა, რომ წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა ორალური სექსის სანაცვლოდ.
ბაზბიმ სასამართლომდე მიიტანა 15 წლის გოგონას ქეისიც, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკში ჩატარებულ წვეულებაზე ქომსბმა და მისმა სტუმრებმა ჯგუფურად გააუპატიურეს.
მსხვერპლთა დამცველი იურიდიული ფირმის, AVA-ს წარმომადგენელთა თქმით, 3000-ზე მეტი ზარი მიიღეს ადამიანებისგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქომბსის მხრიდან შევიწროების მსხვერპლები გამხდარან.
შონ ქომბსი დანაშაულს ამ ეტაპამდე არ აღიარებს.