დონალდ ტრამპი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. მან დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისს დიდი უპირატესობით მოუგო, გაიმარჯვა ისეთ შტატებშიც კი, სადაც ტრადიციულად დემოკრატები იგებენ ხოლმე. როგორ იმოქმედებს ტრამპის გამარჯვება აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების გამო უკიდურესად გაუარესდა. “ქართულ ოცნებაში” ტრამპის გამარჯვება ძალიან გაუხარდათ, თუმცა რამდენად რელევანტურია ეს სიხარული? ამ კითხვაზე გაზეთ “კვირის პალიტრას” საერთაშორისო საკითხთა ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძეს პასუხობს:
– რაც შეეხება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, საქართველოს ხელისუფლებამ დაიჭირა ერთი მომენტი, რომ ამერიკისთვის დღეს კავკასიაზე გაცილებით პრიორიტეტულია ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, სადაც ამჟამად ორი აქტიური კრიზისია. გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაინახა ისიც, რომ რუსეთზე ტრანზიტის შემცირების გამო საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა მისი გეოპოლიტიკური წონაც და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ვაჭრობა და სცადა ძალაუფლების მაქსიმალური კონსოლიდაცია. აი, ეს მოხდა საქართველოში.
დარწმუნებით იმაზე ლაპარაკი, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, რთულია, რადგან ოპოზიციის ძალიან ბევრ ხარვეზსაც ვხედავ საარჩევნო კამპანიაში. ოპოზიციამ იმის 30% გააკეთა რეალურად, რაც უნდა გაეკეთებინა.მეორე საკითხია, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ ძალიან ბინძური თამაშის წესები შემოგვთავაზა, დაწყებული სრულიად არაადეკვატური პოზიციით ე.წ. აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით, დასრულებული ხალხთან რეკვითა და გინებით, გარკვეული ლიდერების კი, 90-იანების ტერმინით რომ ვთქვათ, “დაპადიეზდებით”. ეს ნორმალურ და თავმოყვარე ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. თუ გაქვს არგუმენტები, დაჯექი და ეკამათე ოპოზიციას, მაგრამ რომელიმე ეთერში ეს ორი ჯგუფი ერთად არ მინახავს, ერთსაც თავისი საინფორმაციო საშუალებები აქვს და იქიდან ქადაგებენ ცალმხრივ რეჟიმში, მეორეს – თავისი და ვცხოვრობთ ორ პარალელურ რეალობაში.
ხელისუფლების მესიჯბოქსმა, რომელიც, ჩემი აზრით, პარანოიდული იყო, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოში განათლების სფეროში სერიოზული რეფორმის აუცილებლობა. გლობალურ ომის პარტიაზე ლაპარაკს და მსგავს რიტორიკას ნამდვილად არ უნდა ჰქონოდა ის მხარდაჭერა საზოგადოებაში, რაც თბილისის გარეთ ჰქონდა. არაფერი ქმედითი და რეალური ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ არ უთქვამს, მხოლოდ ამ გიჟური რიტორიკით მოიგო. ოპოზიციისგანაც ქმედითი და რეალური არაფერი მოგვისმენია. ისინი მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ევროპულ მომავალსო, და კატასტროფულ პიარნაბიჯებს დგამდნენ.
საბოლოოდ ამ ყველაფრით ისარგებლა “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც გაიფორმა გამარჯვება. მიუხედავად ოპოზიციის მცდელობებისა და აქციებისა, რაღა დაგიმალოთ და, პოლიტიკური კრიზისის ნიშნებსაც ვერ ვხედავ. სამაგიეროდ, ვხედავ ხელისუფლება როგორ ცდილობს დასავლელ პარტნიორებს შესთავაზოს საკუთარი თავი დაახლოებით ასეთი სოუსით – არ ვართ დემოკრატიული ხელისუფლება, საუდის არაბეთიც არ არის დემოკრატიული, მაგრამ ხომ არის თქვენი პარტნიორი და რა იქნება, ჩვენც ვიყოთ და აღიარეთ ჩემი ლეგიტიმურობაო. დარწმუნებული ვარ, ახლა ის მზად არის ე.წ. აგენტების კანონიც კი გააუქმოს. მოკლედ, აუცილებლად ივაჭრებენ ყველა საშუალებით და ამ ვითარებაში ტრამპის ადმინისტრაციისთვის შეიძლება ეს ყოფილიყო კიდეც მისაღები, რადგან იქ საკითხებს უფრო რეალისტურად უყურებენ, მაგრამ კიდევ სხვა პრობლემაა – ტრამპის წინა ადმინისტრაცია ამ ხელისუფლებამ იმდენჯერ გადააგდო, მეეჭვება, ეს ადვილად დაივიწყონ.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი ბახტაძე იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანს და ამჯერად, სავარაუდოდ, თავდაცვის მომავალ მდივან მაიკ პომპეოს პირდაპირ ტელეკამერების წინ დაჰპირდა, რომ ანაკლიის პორტში ჩაიდებოდა ამერიკული ინვესტიცია, ახლა კი რა ხდება? – იქ წარმოდგენილია ჩინური ინვესტიცია და ინტერესები… ტრამპს ჩინეთისადმი რა მძიმე დამოკიდებულებაც აქვს, ყველასთვის ცნობილია. ჩვენ კი აი, ეს გავაკეთეთ და რეგიონში შემოვათრიეთ ჩინეთი, რისი გათვალისწინებითაც რთული იქნება ტრამპის ადმინისტრაციასთან ვითარების დალაგება. არ ვიცი, გეოგრაფია როგორ იციან ან გეოპოლიტიკაში როგორ ერკვევიან ჩვენი პოლიტიკის ტვინები, ვინც ხელისუფლებაში გვყვანან, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა არის მნიშვნელოვანი ამერიკისთვის – კანონის გაწვევა-არგაწვევა თუ ჩინეთის ყოფნა რეგიონში. კამალა ჰარისის ადმინისტრაციის შემთხვევაში კანონის გაუქმება შეიძლება შედეგის მომტანიც ყოფილიყო, მაგრამ რესპუბლიკელების გულის მოსაგებად ანაკლიიდან ჩინეთი უნდა გააგდონ, რაც, თავის მხრივ, კიდევ არაერთ საფრთხეს წარმოშობს. რას ვაკეთებთ დიპლომატიაში, სად ჯანდაბაში მივდივართ?! ტრამპი ამათ ანაკლიის პორტის საკითხში “გადაგდებას” აუცილებლად გაუხსენებს და ძალიან მძიმე დიალოგი ექნებათ. წაიკითხეთ სრულად