ერევანსა და მოსკოვს შორის უთანხმოებაა მთელ რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნებს ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვთ და, ამავდროულად, ურთიერთობა საკმაოდ გამჭვირვალეა.
„ჩვენ ყოველთვის არ ვიზიარებთ ერთმანეთის პოზიციებს. ეს ეხება ერთ ან ორ მოედანს, სადაც ჩვენ ვართ წევრი. მაგალითად, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“. ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება ამ სტრუქტურის მიმართ“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
მირზოიანმა გაიმეორა ოფიციალური ერევნის პოზიცია, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ საკმარისად არ უპასუხა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ფარგლებში ურთიერთქმედების თვალსაზრისით ყველაფერი კარგადაა.