This is a specific ad

“სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. მათემატიკაში ძალიან სუსტი ვიყავი და რვეულს ახლოს დამიდებდა ხოლმე, რომ კარგად გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა”

35

Another advertisement
"ბიძინას ყოველთვის გატკიცინებული ყელსახვევი ეკეთა, მაგრამ სკოლიდან გამოსული ჯიბეში იკუჭავდა"- რას იხ...

არასოდეს უყვარდა გამოჩენა და ჯერ კიდევ ღელავს, როცა საჯაროდ გამოდის

“მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის “შლეიფი” შვიდ ქალს მიჰქონდაო”

“ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა. მე კი ნერწყვი მომდიოდა”, – იხსენებს თინათინ გამგებელი, რომელიც სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის კლასში სწავლობდა…

– ქალბატონო თინათინ, თქვენ მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო გამგებლის და ბრძანდებით. ჭორვილაში თქვენი ოჯახი ცნობილია…

– დიახ, ეს ნუგზარის დამსახურებაა. გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივართ, თუმცა ღარიბები არ გვეთქმოდა, რადგან რომ ავმღერდებოდით, მეზობლები ჩვენ გარშემო იკრიბებოდნენ და მეტი სიმდიდრე რაღა გვინდოდა?!  მამა პედაგოგი გახლდათ, ექვსი და-ძმა ვიყავით და გვიჭირდა, მაგრამ მამამ მუსიკის დიდი ნიჭი თავიდანვე შეამჩნია ნუგზარს და პიანინო უყიდა. მეზობლები დაგვცინოდნენ, რა დროს პიანინო იყო, სახლი თავზე ექცევათო…

– თქვენ და ბიძინა ივანიშვილი პირველი კლასიდან ერთად იზრდებოდით. იქნებ მოიგონოთ რამე…

– მოსაგონარი იმდენი მაქვს, გაზეთის ფურცლები ვერ დაიტევს… სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. მათემატიკაში ძალიან სუსტი გახლდით, პედაგოგი ანა სადუნიშვილი კი ძალიან მკაცრი იყო. ახლაც ცოცხალია, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა,  კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა… ანა სადუნიშვილმა იცოდა, ბიძინასგან გადაწერილი რომ მქონდა, მაგრამ ოთხიანს ან სამიანს მაინც მიწერდა. ბიძინას ხუთიანზე ნაკლები არასოდეს მიუღია. ბრწყინვალედ სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსაც.

– დღეს მას ქართულს უწუნებენ…

– უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, მოსკოვში წავიდა და, ალბათ, ბევრი რამ დაავიწყდა. ბრწყინვალე პედაგოგი გვყავდა, ჟუჟუნა გულიაშვილი. თუკი რამე კარგს ნახავდა, ბიძინასთან მოჰქონდა. გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოები “ყორნალი” ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ ეს წიგნი ხელში ჩაუვარდა და ბიძინას მოუტანა, მინდა შენც წაიკითხო, ოღონდ დღესვე დაამთავრე, ხვალ პატრონს უნდა დავუბრუნოო. წიგნის წაკითხვა მეც ძალიან მომინდა და პიონერთა ოთახში მე და ბიძინამ “ყორნალი” ერთად წავიკითხეთ. ბოლოს ძალიან დავიღალეთ, მაგრამ მე მაინც ხმამაღლა ვკითხულობდი და ბიძინა მისმენდა. ძალიან კარგად ვიცი, როგორ სწავლობდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. სულ მიკვირდა, მე რომ მთელ დღეს ვანდომებდი “ვეფხისტყაოსნის” საზეპიროებს, ბიძინა წაიკითხავდა და უკვე იცოდა. მუსიკასა და ხატვას მამაჩემი გვასწავლიდა, ბიძინა სიმღერის ნიჭით არ გამოირჩეოდა და გუნდში მღეროდა. ძალიან კარგად სწავლობდა რუსულს, თუ რამის თარგმნა დაგვჭირდებოდა, დახმარებას მას ვთხოვდით… ბოლო წლებში ბიძინას სახლში ფიზიკურად აღარ ტვირთავდნენ, რადგან მთელ დროს სწავლას უთმობდა.

– როგორც ვიცი, ივანიშვილიც შეჭირვებულ ოჯახში გაიზარდა?

– დიახ, ძალიან უჭირდათ… იანვარში კონცერტი გავმართეთ კლუბში, რომელსაც ბიძინას უფროსი ძმა ადიკო ესწრებოდა. ის მაშინ სტუდენტი გახლდათ და კურსელები ჰყავდა თბილისიდან ჩამოყვანილი. კონცერტზე მათ “იანვარში ვის უნახავს გაზაფხული” იმღერეს. მამაჩემს ვკითხე, რას მღერიან, იანვარში გაზაფხული როგორ შეიძლება იყოს-მეთქი? მითხრა, შვილო, იანვარში გაზაფხული ისეთ ხალხს აქვს, ვისაც არ შია, არ სწყურია და სასიმინდე სავსე აქვსო… მაშინ ბიძინას ოჯახსაც უჭირდა და ყველას, დღეს კი ჩემს ჭორვილაში ბიძინას წყალობით იანვარშიც გაზაფხულია. მეამაყება, ასეთი კაცის გვერდით რომ გავიზარდე. ყველგან თავაწეული დავდივარ მისი და ჩემი ძმის გამო.

– სკოლაში ხშირია სასიყვარულო ისტორიები, რასაც შემდეგ იუმორით იხსენებენ…

– ბიძინა ძალიან დინჯი იყო. შვიდი გოგო ვიყავით კლასში და ყველას ერთნაირად გვექცეოდა. დღესაც ისეთივე პატივს გვცემს შვიდივეს… მეუღლე რომ გარდამეცვალა, საქართველოდან შორს იყო, მაგრამ გვერდით დამიდგა. მისი ქველმოქმედების შესახებ ლეგენდებს რომ ჰყვებიან,  ყველაფერი სიმართლეა. ბანკეტი რომ გადავიხადეთ, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ვერ დაესწრო, მაგრამ ბიჭებს მანქანები გამოუგზავნა, გოგოები კი სხვა მხრივ დაგვაჯილდოვა… მეც ძალიან მადლიერი ვარ და ჩემი კლასელებიც. ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო. მე ძალიან ცელქი ვიყავი და როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო… ჭორვილაში რვაწლიანი სკოლა გვქონდა და სწავლის გასაგრძელებლად საირხის სკოლაში რომ გადავედით, ვიღაც უფროსი ბიჭი გადამეკიდა. ბიძინა მისგან მიცავდა, რამდენჯერ შინ მივუცილებივარ. ჩემი დის გაბედნიერებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა. რომ გაიპარა, ბიძინას სთხოვა, ჩემოდანი საჩხერემდე ჩამატანინეო…

ერთხელ შატალოზე წავედით. მახსოვს, მე არ მივდიოდი, როგორც პედაგოგის შვილს, მეთაკილებოდა. ჩემმა კლასელმა რეზო მჭედლიშვილმა მითხრა, ბიძინა დავიყოლიეთ და შენ არ მოდიხარო და გაბრაზებულმა ნაწნავი მომაჭრა. წავედით შატალოზე, მაგრამ იმ ღამეს ნერვიულობისგან სიცხემ ამიწია. მეორე დღეს მშობლები  დაიბარეს და მაშინ ვნახე პირველად ბიძინას დედა. ძალიან სათნო და ლამაზი ქალბატონი. იმდენად მშრომელი გახლდათ, შვილები სულ “პარიადკაში” ჰყავდა. ბიძინას ყოველთვის გატკიცინებული ყელსახვევი ეკეთა, მაგრამ სკოლიდან გამოსული ჯიბეში იკუჭავდა.

 

– სკოლის დამთავრების შემდეგ თუ გააგრძელეთ მეგობრობა?

– სასწავლებლად თბილისში წამოვედით… სტუდენტობაში ახლანდელ თავისუფლების მოედანთან შემთხვევით შევხვდი. აქ რა გინდა-მეთქი? მხატვრულ კითხვაზე დავდივარო. ლექსების თქმაში მონაწილეობდა.

– ქორწილში კლასელები თუ დაგპატიჟათ?

– არა და ამაზე ოდნავ გულნატკენი ვარ. მაშინ ბიძინა უკვე მდიდარი ბიჭი იყო. მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის “შლეიფი” შვიდ ქალს მიჰქონდაო. მეწყინა, ქორწილს რომ ვერ დავესწარით, მაგრამ  მისი მაინც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩემი პატარა ოჯახი თუ არსებობს და მომავლის იმედი აქვს, ეს მისი დამსახურებაა. ნახევარი საქართველო მისი წყალობით სულდგმულობს დღესაც. ყოველთვის ძალიან თავშეკავებული იყო, ბავშვობაშიც ბევრ სიკეთეს გვიკეთებდა, მაგრამ გვთხოვდა, არ გამამხილოთო…

– რატომ ვერ მოახერხეთ სტუდენტობის შემდეგ მასთან შეხვედრა?

– ბევრჯერ ვეცადე, პირისპირ შევხვედროდი, ახლახან მცხეთაში მოვინდომე მიახლოება, დავუძახე კიდეც, მაგრამ დაცვამ არ მიმიშვა. სათხოვნელი არაფერი მაქვს, არაფერი მჭირდება, ისედაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი. 40 წელია არ მინახავს და რამდენ რამეს გავიხსენებდით…

ერთხელ მე და ნუგზარი ვიყავით  ჭორვილაში მის სახლში, მაგრამ მაშინ ბიძინა იქ არ იყო. ციცინო დეიდამ და გრიშა ბიძიამ (მისმა მშობლებმა) არაჩვეულებრივად მიგვიღეს… წელს, 26 მაისს რუსთაველის თეატრში ჩემმა ძმამ რომ იმღერა, ბიძინას თურმე ფეხზე წამომდგარს დაუკრავს ტაში. თუ ბიძინა ძმას საქართველოში დამიბრუნებს, ეს ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნების ახდენა იქნება.

 

– კლასელებს მოგწონთ ის, როგორც პოლიტიკოსი?

– რა თქმა უნდა! ბიძინა გამჭრიახი პიროვნებაა. თავიდან რომელ პოლიტიკოსს სცოდნია ყველაფერი?! თანდათან გამოიწვრთნება. მომწონს, ხშირად რომ ცნობილ გამონათქვამებს იყენებს…

– ერთმანეთში რომ ერევა ავტორები და გამონათქვამებსაც შეცდომით ამბობს?

– ასე, მე რომ ინტერვიუზე დავჯექი თქვენთან, სულ ამერ-დამერია ყველაფერი. არასოდეს უყვარდა გამოჩენა და ჯერ კიდევ ღელავს, როცა საჯაროდ გამოდის… თქვენი გაზეთით მოვიკითხავ ჩემს ბიძინას და თქვენც დიდ მადლობას მოგახსენებთ, ბავშვობაში რომ დამაბრუნეთ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İranın xarici işlər naziri Beyrutdadır
Öncəki yazı
ევროკავშირი შესაძლოა მოკვდეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის ზღვაზე ვიმყოფებით – მაკრონი