რეზო ჩხეიძის “ჯარისკაცის მამა” ბევრისთვის საყვარელი ფილმია, მაგრამ ფართო მაყურებელმა ალბათ არ იცის, ვინ არის მისი სცენარის ავტორი და რა წინააღმდეგობები ჰქონდა ფილმს, სანამ მაყურებლამდე მივიდოდა.
მწერალსა და კინოდრამატურგს ომის თემა სხვა ქართული ფილმებისთვის შექმნილ სცენარებშიც აქვს გამოყენებული. სწორედ, სულიკო ჟღენტია იმ ცნობილი ფილმების სცენარის ავტორი, როგორიცაა – “ღიმილის ბიჭები,” “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “ფესვები” “ნერგები” და კიდევ ბევრი ცნობილი სურათი, უმეტესობას, როგორც ბატონი სულიკოს შვილი, ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტი გვეუბნება, ნამდვილი ამბები უძღვოდა წინ… მან მამის შესახებ წიგნი – “როგორ შერჩები მარადისობას” დაწერა.
3 თებერვალი სულიკო ჟღენტის გარდაცვალების დღეა და ამჯერად გვინდა, მისი უკვდავი “ჯარისკაცის მამა” გავიხსენოთ, რომელიც სცენარისტის, რეჟისორისა და მსახიობის (სერგო ზაქარიაძე) სრულფასოვანი შემოქმედებითი ურთიერთობის ნიმუშია.
როგორც მწერლის ჩანაწერებიდან ირკვევა, “ჯარისკაცის მამის” სცენარი საბჭოთა ცენზურამ უარყო. მესამე ვარიანტზე ხელშეკრულება გაწყვიტეს და გადაწყდა, რომ ფილმს აღარ გადაიღებდნენ. რომ არა რეჟისორის პრინციპულობა, სურათი მართლა აღარ შეიქმნებოდა…
სცენარისტის საარქივო მასალებში დაცულია 5 ერთმანეთისგან განსხვავებული სცენარის ვერსია. თითოეულზე ავტორს ინტენსიურად უმუშავია, ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავებულია და იცვლებოდა სასცენარო განყოფილებების რედაქტორების მოთხოვნებისა და მითითებების მიხედვით. თუმცა, მთავარი დრამატული მოტივი და ფაბულა – ის, რომ მამა შვილს დაეძებს, ყველგან უცვლელი იყო.
ომში შვილის საძებნელად წასულ გლეხკაცს სისასტიკე აიძულებს ჯარისკაცად იქცეს. სცენარის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნით, ამბავი ჰოსპიტალშივე უნდა დასრულებულიყო. ამის გამო ვერ განზოგადდებოდა და ვერც ტრაგედიის მასშტაბს შეიძენდა, მაგრამ ფილმის ავტორებმა ფაბულა არ შეცვალეს.
სულიკო ჟღენტი საკუთარ ბიოგრაფიას დაესესხა – მას მშობლები ფრონტზე დაეძებდნენ, როდესაც 17 წლისა პირველად დაიჭრა. ომში მოხალისედ იყო წასული. რადგან მას ეს ყველაფერი განცდილი და გადატანილი ჰქონდა, სცენარშიც განსხვავებულად გაიაზრა ომის ტრაგედია. აი, რას წერს მოგონებებში ჟღენტი:
“…ვერ მივაღწიე რაიხსტაგს, იარაღი უკანასკნელად 1944 წლის 25 იანვარს მეჭირა ხელში. მკერდში ჩარჩენილი ტყვიის გამო დემობილიზაციით გამომიშვეს შინ. ტყვიის ნაწილებს, სადღაც გულთან ჩარჩენილს დღემდე დავატარებ სხეულით. ბერლინში 21 წლის შემდეგ მოვხვდი, უკვე გიორგი მახარაშვილთან, – ჩემი სცენარის მიხედვით, რეჟისორი რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული ფილმის “ჯარისკაცის მამის” გმირთან ერთად…
მეკითხებიან, სერგო ზაქარიაძის მიერ შესრულებული გმირის სახე თქვენ შეთხზეთ თუ ცხოვრებამ გიკარნახათ? პასუხი ასეთია: სიმართლის გამოგონება შეუძლებელია, ერთ სახეში მოვუყარე თავი ომის გზაზე შეხვედრილ ადამიანთა სახეებს… ჯარისკაცის მამა – გიორგი მახარაშვილი – ჩემთვის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კახელი მევენახეა. ჩვენ ერთ ასეულში ვმსახურობდით. მახსოვს მისი მოუსვენარი, შრომისმოყვარე ხელები. დიახ, ის დედაჩემია, რომელიც ჩემს სანახავად ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოვიდა, მაგრამ ჰოსპიტალში ვერ მომისწრო. ის მამაჩემიცაა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში სკოლაში სიკეთეს ასწავლიდა…
როგორც აღვნიშნე, ჩემს ასეულში ერთი კახელი, ხნიერი კაცი, მევენახე მახარაშვილი იბრძოდა, ოღონდ, გიორგი კი არა, რამინი ერქვა. მას ბევრი საერთო აქვს ფილმის გმირთან. ზუსტად ისევე მამაშვილურად გვექცეოდა 19 წლის ბიჭებს, როგორც ფილმში. ღონიერი, მომთმენი, შრომისმოყვარე იყო, უსაქმოდ ჯდომა წუთითაც არ შეეძლო.
გიორგის მსგავსად, უჩექმობით იყო გაწამებული, არმიის საწყობში ვერ იშოვეს მისი ზომა ფეხსაცმელი და შეუკვეთეს… მაგრამ “ჯარისკაცის მამა” სერგო ზაქარიაძისთვის დაიწერა. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ამ როლს ის შეასრულებდა. კარგია, როცა სცენარი კონკრეტული მსახიობისთვის იწერება. ამ დროს ითვალისწინებ შემოქმედებით შესაძლებლობას, – როგორ მოიქცევა, ამა თუ იმ ეპიზოდში რას იტყვის.
არც ის არის შეთხზული, ომში მამა შვილს რომ დაეძებს. ბავშვობაში ბევრი თანატოლის მსგავსად, მეც ვოცნებობდი, გმირობაზე და მშობლების დაუკითხავად, თამამად ჩავეწერე მოხალისეთა რიგებში. 16 წლის ბიჭს ომი რომანტიკად მეჩვენებოდა… პირველად რომ დავიჭერი, ქალაქ ორჯონიკიძის ჰოსპიტალში მომათავსეს, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ფრონტის ხაზზე გასვლის უფლება მოეპოვებინათ, ორჯონიკიძეში ჩამოსულიყვნენ, მაგრამ მე იქ აღარ დავხვდი. გამოჯანმრთელებული ფრონტზე დავბრუნდი. ჩემთვის წამოღებული სანოვაგე დაჭრილებისთვის დაურიგებიათ…
ანალოგიური ეპიზოდი არის ფილმშიც. მსგავსი ამბავი ჩვენს ოჯახშიც დატრილდა: ბიძაჩემი, დავითი, ორთქლმავალის მემანქანე იყო. შვილის ფრონტზე გამგზავნეთო, ითხოვა. თავისას მიაღწია და სწორედ იმ ნაწილში მოხვდა, სადაც მისი ვაჟი იბრძოდა. მამის ჩასვლამდე, რამდენიმე დღით ადრე დაღუპული იყო. მოხუცი მემენქანე ფრონტზე დარჩა, თითქმის მთელი ომის განმავლობაში იბრძოდა და გმირული სიკვდილით დაეცა უნგრეთის გათავისუფლებისას…
მახსენდება გიორგი მახარაშვილის წინა სახეები, ვისთან ერთადაც ბევრი მივლია ფრონტის ხაზზე. მაგონდება ფეოდორ დერიაბინი ვოლგისპირელი მიწათმოქმედი, მტრის ცეცხლქვეშ გაწოლილები სანგარს ვთხრიდით, მიწის გუნდა ხელზე დაიფშვნა, სიყვარულით დახედა და მითხრა, – შეხედე ერთი, რა მიწაა, ეს დალოცვილი! გარშემო ნაღმები და ტყვიები წიოდნენ, ქვეყანა იქცეოდა, ის კი ხვნა-თესვაზე ოცნებობდა! მაგონდება უკრაინელი მებაღე დემჩენკო, ახალგათავისუფლებულ ყუბანურ სოფელში ასეთი სურათი ვნახეთ: უკან დახევისას გერმანელებს ვაშლის ხეები ძირში მოეჭრათ და გზაზე დაეყარათ, რომ ჩვენი ტრანსპორტისთვის წინსვლა გაეძნელებინათ. თვალებზე ცრემლმომდგარი დემჩენკო ხის გადანაჭრებს შორის დაბორიალობდა და გაიძახოდა: ვაშლის ხეებმა რაღა დაუშავეს?! ამის გამკეთებელი ხომ ბავშვსაც გაიმეტებს სასიკვდილოდ?
კახელი მევენახე მახარაშვილი, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, ნოვოროსიისკის გათავისუფლებისას გავიცანი. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ხანმოკლე შესვენების საშუალება მოგვეცა. სექტემბრის ბოლო იყო. იქვე ზვრებში ყურძენი დამწიფებულიყო. ნაბრძოლი ჯარისკაცები ზვრებს შევესიეთ, მწიფე მტევნებს დაუნანებლად ვგლეჯდით. მახარაშვილის სახით მიტოვებულ ზვრებს უცებ პატრონი გამოუჩნდა. მთელ ვენახში მისი ყვირილი ისმოდა:
“ნელა! ფრთხილად! მოგლეჯა გაგონილა?! მტევანი ისე უნდა მოწყვიტო, ვაზმა ვერაფერი იგრძნოს. ამაში იცით, რამდენი ოფლია ჩაღვრილი?” – ვერც კი მოიცალა, ყურძნის გასასინჯად, ვაზს სიყვარულით ეალერსებოდა. ჩამოვარდნილ ლერწს უსწორებდა ჭიგოს, თან ხმადაბლა ღიღინებდა: “შენ ხარ ვენახი!..”
მოსკოვის “სახკინომ” კატეგორიულად მოითხოვა ამოგვეღო ეპიზოდი, სადაც მახარაშვილი სილას გააწნავს ჯარისკაცს, – არა იმიტომ, რომ ქართველმა რუსს ჭკუა ასწავლა, არამედ სამხედრო წესდების დარღვევად ჩათვალეს. მე და რეზომ სამხედრო თავდაცვის მინისტრს ვაჩვენეთ. მან თქვა, ამაში დარღვევას ვერ ვხედავ, რადგან ორივე ჯარისკაცია, “დაზარალებული” ჩინით მაღალი რომ იყოს, სხვა ამბავიაო. ოფიციალური დასკვნა მოვთხოვეთ, დაგვიწერა და “სახკინოც” აღარ შეგვეწინააღმდეგა”.
მოკლედ, მხოლოდ იმ შემთხვევებზე გიამბეთ, რაც “ჯარისკაცის მამის” სახის გამოკვეთისას გამოვიყენე. უფრო კი იმისთვის, რომ კონკრეტული მაგალითებით წარმომეჩინა მისი პიროვნება. ჯარიკაცის მამა, კრებითი სახეა. ფილმის წარმატების საიდუმლო კი ის არის, რომ გამარჯვებას ყველამ ერთად თავდაუზოგავი შრომით მივაღწიეთ” – იგონებდა სულიკო ჟღენტი…