მეცნიერებმა სისხლის ტესტირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელსაც ტვინის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება შეუძლია. საუბარია გლიობლასტომაზე და ახლა მისი დიაგნოზის დასმა სისხლის ანალიზით, ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება.
ტესტი ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს და მას გლიობლასტომის ნიშნების აღმოჩენა ერთი საათის განმავლობაში შეუძლია. მოწყობილობა მარტივი გამოსაყენებელია და საჭიროებს მხოლოდ სისხლის მცირე სინჯს (დაახლოებით 100 მიკროლიტრი სისხლი).
„ეს ტესტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, გაიზრდება გლიობლასტომის ადრეული დიაგნოსტიკა, რაც სიცოცხლის გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად გაგვიზრდის”, — თქვა ჰსუე-ჩია ჩანგმა, ბაიერის ქიმიური და ბიომოლეკულური ინჟინერიის პროფესორმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა.
კიბოს ბიომარკერები
გლიობლასტომა თავის ტვინის კიბოს უაღრესად აგრესიული და ავთვისებიანი ფორმაა. დაავადების დიაგნოზის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობა მხოლოდ 12-დან 18 თვემდე ცხოვრობს. როგორც წესი, ინვაზიური ბიოფსია გლიობლასტომის დიაგნოსტიკის საბოლოო გზაა. ეს სიმსივნიდან ქსოვილის ნიმუშის აღებასა და მის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევას გულისხმობს.
სისხლის ახალი ტესტი ტვინის კიბოს ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების კარგი შესაძლებლობა იქნება. აღსანიშნავია, რომ ტესტი კეთდება ავტომატური მოწყობილობის საშუალებით.
ამ ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილი პატარა ბიოჩიპია, რომელიც იყენებს ელექტროკინეტიკურ სენსორს. გლიობლასტომის სადიაგნოსტიკო მოწყობილობაში ელექტროკინეტიკური სენსორი გამოიყენება უჯრედგარე ვეზიკულების დასაჭერად და გამოსავლენად. სწორედ ეს შეიცავს დაავადებასთან დაკავშირებულ ბიომარკერებს. ცილაზე დაფუძნებული ეს ბიომარკერები ცნობილია როგორც ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორები (EGFR) და ისინი ჭარბადაა გამოხატული გლიობლასტომაში.
მკვლევრების თქმით, ბიოჩიპი წარმოუდგენლად მგრძნობიარე და შერჩევითია, რაც მას საშუალებას აძლევს განასხვაოს აქტიური და არააქტიური EGFR-იები.
კვლევა ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნდა.