მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს – დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა. გვარებზე პერიოდულად ვაწვდით ჩვენს მკითხველს ინფორმაციას.
ამჟამად ქალების სახელებზე შევჩერდებით და საქართველოში გავრცელებულ ზოგიერთ ცნობილ სახელს გაგაცნობთ, რომელთა წარმომავლობის ისტორია პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის ცნობილ წიგნში “რა გქვია შენ?” არის მოცემული.
ანა – (ძველი ებრაული სახელი) სასურველი, სანდომიანი, საამო, რომელიც ღვთისმშობელ მარიამის დედა ერქვა. ეს სახელი ერქვა ასევე წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): “იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი” (ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი.
ანასტასია – (ბერძნული) “მკვდრეთით აღმდგარი,” “სიცოცხლეს დაბრუნებული”. იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის, არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია… სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან – არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია.
ბაია – ქართული მინდვრის ყვავილის სახელია, რომელიც ქალის სახელად იქცა (შეადარეთ: ია, ვარდო, ენძელა…). ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობის უნდა იყოს.
ასინეთ – ძველი ებრაული სახელია, მომდინარე კოპტურიდან. ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. განმარტავენ როგორც “ნეითისა” (“ნეითისადმი შეწირული” ან “ნეითის მსახური”. ნეითი და ნეითა ეგვიპტელთა სიბრძის ღვთაების სახელწოდებაა).
ასმათ – (არაბული) “უმწიკვლო”, “უმანკო,” “პატიოსანს” ნიშნავს. არაბულში იხმარება ქალის დასახასიათებლად, საპატიო ეპითეტად. საკუთარ სახელად პირველად ” ვეფხისტყაოსანში” გვხვდება და მისი მეშვეობით ფართოდ გავრცელდა.
ბაბალე – (ბერძნული) “უცხოელი,” “არაბერძენი”. ბერძნულსა და ზოგ სხვა ენაში გვხვდება როგორც ქალის, ისე ვაჟის სახელად. ამ სახელით ცნობილია რამდენიმე წმინდანი. მრავალ ენაში ეს სიტყვა ნასესხებია საზოგადო სახელის მნიშველობითაც (“ბარბაროსი,” რუსული варвар). ქართულში ქალის სახელად ბერძნულიდან ნასესხები პირველადი ფორმაა ბარბარე, მისი დისიმილაციით მიღებულია ბარბალე, რ-ს დაკარგვით – ბაბალე, შემოკლებით – ბაბი. გვხვდება აგრეთვე ნაირფეროვანი საალერსო ფორმები: ბაბე, ბაბული, ბაბულია, ბაბუცი, ბაბუცა. ამავე სახელის რუსული გზით შემოსული ფორმებია: ვარვარა, ვარა, ვარიჩკა. ზოგი მკვლევარის აზრით, ეს სახელი უკავშირდება არა ბერძნულს, არმედ შუმერული ქალღმერთის სახელს.
ბაბილინა – (ლათინური) “ბაბილოსი”. ვაჟის სახელს ბაბილოს, რომელიც წარმოშობით სირიულია და “აჯანყებულს” ნიშნავს, დართული აქვს ლათინური სუფიქსი ინ(ა) და ქცეულია ქალის სახელად (შეადარეთ აგრაფინა, ანგელინა). საალერსო ფორმებია: ბაბი, ბაბილა.
არიადნა – (ბერძნული) “ძლიერ მოსაწონი”. ანტიკურ მითოლოგიაში ეს სახელი ჰქვია მეფე მინოსის ასულს, რომელასც შეუყვარდა ეგეოსის შვილი – გმირი თეზევსი და დაეხმარა, დაემარცხებინა კაციჭამია ურჩხული მინოტავრი და მშვიდობიანად დაეღწია თავი ლაბირინთისათვის, სადაც ურჩხული იმყოფებოდა.
დარეჯან – არის სახელის ნესტან-დარეჯანის ნაწილი. მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს “მფლობელს”.
დოდო – (ქართული) მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, ისე, როგორც ჩვილი ბავშვები გამოთქვამენ. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ბიბლიური სახელია და “ღვთის მეგობარს” ნიშნავს).
ანგელინა – ამ სახელის ფუძე ბერძნულია: ანგელ, ანგელოს თავდაპირველად ნიშნავდა “ამბის მომტანს,” “მოამბეს,” შემდეგ მხოლოდ “ღვთის მოამბეს “, ” ღვთის მახარობელს ” (ანგელოზს). ამ სიტყვას ლათინურში დართული აქვს “ინ” სუფიქსი (ისევე არის მიღებული, როგორც აგრაფინა).
გვანცა – (ქართული) სვანურად გვანც – “ჭინჭრაქა,” გადატანით ნიშნავს “ცელქს,” “მოუსვენარს”.
გიული – სპარსული სახელია, შემოსულია თურქულიდან “ვარდი”.
ელო – ელენე-ს შემოკლებული ფორმაა.
ენძელა – ქართული სახელია.
ესმა – შესაძლოა მოდიოდეს არაბულიდან და ნიშნავდეს “ამაღლებულს” (ზ. სიხარულიძის ეტიმოლოგიით).
გოგოლა – (ქართული) მნიშვნელობა დაუდგენელია. საეჭვოა, რომ გოგონა-ს ფონეტიკურ ვარიანტს წარმოადგენდეს, რადგან წინათ კაცის სახელიც ყოფილა (შეადარეთ გვარები გოგოლაძე, გოგოლაშვილი, გოგოლაური).
გულიკო – (ქართული) ნაწარმოებია სიტყვისაგან “გულ” საალერსო “იკო” სუფიქსის დართვით, გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება გულისა.
ევა – (ძველი ებრაული) “ცოცხალი”. ბიბლიის მიხედვით, ეს სახელი ერქვა ქვეყნად პირველ ქალს, რომელიც ღმერთმა პირველი კაცის – ადამის ნეკნისაგან შექმნა და მის მეუღლედ აქცია. მისი კნინობითი ფორმაა ევროპულ ენებში გავრცელებული – ეველინა.
ეთერ – (ძველი ებრაული) “ვარსკვლავი,” ან (ბერძნული) ” ჰაერი,” “ეთერი”. აქედანაა გვარი ეთერია. ქართულ ხალხურ ლეგენდაში ეთერი ჰქვია ულამაზეს მწყემს ქალიშვილს, რომელიც შეუყვარდა მეფისწულ აბესალომს. ამ ლეგენდის სიუჟეტზეა აგებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერი”.
ეკატერინე – (ბერძნული) “წმინდა”, “უმწიკვლო”. შემოკლებული ფორმაა ეკა.
ბელა – (ლათინური) ნიშნავს ლამაზს.
გაიანე – (ბერძნული) “მიწიერი”. საეკლესიო კალენდრის მიხედვით ნიშნავს “მწვანეს” (ეტიმოლოგიები საეჭვოა). წმინდა მოწამის სახელია.
გედია – (ქართული) გვხვდება ვაჟის სახელადაც, რასაც მოწმობს ისტორიული საბუთები (XVII ს.) და გვარი გედიაშვილი.
ელენე – ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მთელ მსოფლიოშია გავრცელებული (ელა, ელია, ლესია, ლენა, ნელი და სხვ.). წარმოშობით წინარებერძნულია და დაახლოებით განმარტავენ როგორც “ნათელს,” “მანათობელს”. ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით ცნობილია ულამაზესი დედოფალი – ელენე. ქართულში ამ სახელის მოფერებითი ფორმებია: ელო, ელიკო, ლენა, ნელი, ლელიკო.
ელისაბედ – (ძველი ებრაული) “ღვთის მოფიცარი” (სიტყვა-სიტყვით: “ღმერთს ვფიცავ”, “ღმერთის ფიცი ჩემი”). მისი მოფერებითი ფორმებია: ლიზა, ლიზიკო.
ელისო – ქართული სახელია, შესაძლოა მიღებული იყოს ელისაბედ-ის შემოკლებით. ელისო ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირს.
ეფემია – (ბერძნული) “ღვთისმოსავი,” “ღვთისმოყვარე”. მის კნინობით ფორმად ქართულში მიიჩნევა: ფეფო, ფეფიკო, ფეფენა, ფეფელა (თუმცა წარმოშობით ესენი დამოუკიდებელი სახელები ჩანს).
თამარ – საუკუნეების მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (1184-1213 წლები). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი “ფინიკის პალმას” ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული; გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვ.
თამთა – მიღებულია თაჰამთა-საგან, რომელიც გვხვდება როსტომის და ზოგი სხვა ირანელი გმირის ეპითეტად და ნიშნავს “ღონიერს,” “გოლიათს,” “ძლიერს,” “მამაცს,” ” გმირს”. სპარსეთში და ძველ საქართველოშიც ვაჟის სახელი იყო. თათია, თათული – ქართული სახელია.
თეა – (ბერძნული) ნიშნავს “ღვთაებას”.
თეკლე – (ბერძნული) “ღვთის დიდება”. მისივე ვარიანტებია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლე-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს – “ღმერთი,” რომელიც შედის აგრეთვე ბევრ სხვა საკუთარ სახელში(მაგ.: თეოდორე), მეორე ნაწილია კლეოს – “დიდება,” რომელსაც აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა შეიცვას – “მამის დიდება”.
თეო – (ბერძნული) “ღმერთი,” “ღვთაება”. თეო-ს (ასევე თეკლე-ს) კნინობითია ქართულში თეკო.
თეონა – (ბერძნული) “ღვთის ფიქრი”, “ღვთის გონება”. ადრე კაცის სახელი იყო და შემდგომ იქცა ქალის სახელად.
ელეონორა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, შესაძლოა მომდინარეობდეს ძველი ბერძნულიდან და ნიშნავდეს “მოწყალებას,” “თანაგრძნობას”. მისი შემოკლებული ფორმაა ნორა.
ელზა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი ელისაბედ-ის კნინობით ფორმას წარმოადგენს.
ელიკო – ელენე-ს კნინობითი ფორმაა, მხოლოდ ქართულში გვხვდება და ცალკე სახელად ქცევის ტენდენცია ახასიათებს.
თინათინი – (ქართული) “მზის სხივის ანარეკლი,” “მოციმციმე სხივი”. “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით, ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.