ჯონ გრემი ამერიკელი მკვლევარია, რომელსაც უკვე ათწლეულებია საქართველოსთან დიდი კავშირი აქვს. მან ქართული საეკლესიო საგალობლები შეისწავლა და უფრო მეტიც, ამერიკელებს გააცნო ქართული კულტურა.
ჯონს საქართველოში ტურისტული კომპანია აქვს. ის შესანიშნავად საუბრობს ქართულად. პროფესორმა გრემმა პრინსტონის უნივერსიტეტში ქართული საეკლესიო გალობის შესახებ დისერტაცია დაიცვა.
ჯონ გრემს აქვს ძლიერი კავშირი ამერიკის სავაჭრო პალატასთან. 1998 წელს დაარსებული ამერიკის სავაჭრო პალატა არის ყველაზე დიდი ბიზნეს ასოციაცია საქართველოში, რომელიც წარმოადგენს 260-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიას. ის მუშაობს აშშ-საქართველოს საქმიანი და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე და ღირებული წვლილის შეტანაზე საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაში.
საქართველოში ჯონ გრემის პროექტების განხორციელებას ამერიკის სავაჭრო პალატა უჭერს მხარს.
მკვლევარი იხსენებს, როდის და რატომ დაინტერესდა ქართული საეკლესიო საგალობლებით, რის შემდეგაც სამივე ქართული ანბანი ისწავლა.
ჯონ გრემი:
“მე ჯონ გრემი ვარ, მუსიკისმოცოდნე, მკვლევარი, მაქვს ტურისტული კომპანია საქართველოში. თავიდან ქართულ საეკლესიო გალობას გავეცანი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, როდესაც კვლევას ვაკეთებდი მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალურ ტრადიციებზე. და მაშინ ვნახე ანსაბლ “რუსთავის“ დისკი.
შემიყვარდა ქართული საეკლესიო საგალობლები როგორც საინტერესო მუსიკალური რეპერტუარი. არაფერი არ ვიცოდი ქართულ კულტურაზე, არც ენაზე და არც რელიგიაზე. თავიდან დამაინტერესა, როგორც საინტერესო მუსიკამ. იმ დროს გავიცანი ანჩისხატის ტაძრის გუნდის წევრები და გადავწყვიტეთ, რომ ამერიკის ტურის ორგანიზებას გავაკეთებდით.
ყველგან, სადაც კონცერტი იყო, მსმენელები აღფრთოვანებულები რჩებოდნენ, ფეხზე იდგნენ და კიდევ სთხოვდნენ მუსიკოსებს სიმღერა-გალობას. ქართულის სწავლის პერიოდში რვეულში ვწერდი ხოლმე ტექსტს, სამივე ანბანით. სამივე ანბანი მჭირდებოდა კვლევებისთვის იმიტომ, რომ საგალობლების ხელნაწერებში სამივე ანბანია გამოყენებული.
ჩემი ტურისტული კომპანია 2006 წელს დაარსდა, თავიდან მახსოვს, ჩემი და იყო ჩამოსული. სტუმრად, ორი თვე, მინდოდა, მეჩვენებინა კახეთი და გადავწყვიტეთ, რომ შაბათ-კვირაობით ადამიანებისთვის შეგვეთავაზებინა კახეთში წასვლა”, – ამბობს ჯონი.
ამერიკელი მეცნიერი ეკატერინე დიასამიძეზეა დაქორწინებული. ჯვრისწერა ჯვრის მონასტერში შედგა, ნეფე-დედოფალს ქართული ტრადიციული სამოსი ეცვა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯონ გრემს აქვს ძლიერი კავშირი ამერიკის სავაჭრო პალატასთან და თავისი პროექტების განხორციელებაში ამერიკის სავაჭრო პალატა უჭერს მხარს. სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
“ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ძალიან მნიშნელოვანი ორგანიზაციაა, ეს არის ხიდი ამერიკასა და ქართულ კულტურას შორის“, – ამბობს ჯონ გრემი.
ის ასევე საუბრობს იმ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე, რაც ქართველებს ამერიკელების მიმართ ჰქონდათ:
“ეს სტერეოტიპული აზრი, რაც ქართველებს ჰქონდათ ამერიკაზე 20 წლის წინ, ძრითადად, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. 20 წლის წინ ხშირად ამბობდნენ, – „ა, რა თბილი ბიჭი ხარ, ამერიკელები ცივი ხალხია“.
ეს სტერეოტიპი უცხო იყო ჩემთვის, საიდან ჰქონდათ ეს აზრი, არც ვიცი. ალბათ, საბჭოთა პერიოდის პროპაგანდა იყო“, – ამბობს ჯონ გრემი.