აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზე. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ვიწრო ფორმატში შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. გასული წლის სექტემბრის შემდეგ, რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა. აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა ალიევმა რუს კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ბუნებრივია, ახალი ვითარება უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში ძლიერი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის. სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებებზე“, – დასძინა აზერბაიჯანის ლიდერმა.
პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით 18 აგვისტოს ჩავიდა.