This is a specific ad

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამისთვის ემზადება

72

Another advertisement

მუსლიმური სამყარო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულისთვის ყურბან-ბაირამისთვის ემზადება. იგი მუსლიმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა დღედ ითვლება, ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება სოლიდარობასა და გაზიარებაზე ხაზის გასმას ეთმობა. ეს არის დღესასწაული, რომელიც განსაკუთრებულია თავისი მნიშვნელობით ვინაიდან იგი ითვლება შედარებით მატერიალურად შეძლებული მოსახლეობის შანსად გაუზიაროს უპოვართ. ყურბან-ბაირამის დღესასწაული როგორც წესი 4 დღე გრძელდება, არც 2024 წელია გამონაკლისი, ამ წელს იგი 15 ივნისს იწყება და 19 ივნისის ჩათვლით გრძელდება.

ყურბან-ბაირამობა მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ქრისტიანისთვის აღდგომას.

სახელწოდებიდან გამომდინარე, ყურბან-ბაირამობის განსაკუთრებული რიტუალები სწორედ საკლავთან არის დაკავშირებული.

შეწირულ ცხოველს არ უნდა ჰქონდეს „დეფექტი”, ანუ საჭიროა ჩლიქოსანი ცხოველი სრულიად ჯანმრთელი იყოს. ამასთან, დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც. მაგალითად, ცხვარი ასაკით 6 თვეზე ნაკლების არ უნდა დაიკლას, თხისა და მსხვილრქიანი ცხოველების შემთხვევაში კი მინიმალური ასაკი ორი წელია. აღსანიშნავია, რომ ერთი ცხოველი შეიძლება შეიწიროს მთელი ოჯახის სახელით. მაგალითად, ადამიანი მიიყვანს ცხოველს სამსხვერპლოსთან და როგორც წინასწარმეტყველი მუჰამედი (მშვიდობა მას და ღვთის კურთხევა – მუჰამედის ყოველი ხსენებისას მუსლიმები ამ ფორმულის დამატებას გვთხოვენ) წარმოთქვამდა, გაიმეოროს: „ეს მსხვერპლი არის ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და მათთვის ჩემი კრებულიდან, ვინც არ შესწირა მსხვერპლი”. მუსლიმური ტრადიცია ამბობს, რომ შესაწირის სისხლის მიწაზე დაცემასთან ერთად, მორწმუნეს ცოდვები მიეტევება. ერთი ტრადიცია კი გვარწმუნებს, რომ განკითხვის დღეს, როდესაც ალაჰი კაცობრიობას ცოდვა-მადლს მოჰკითხავს, მართლები სწორედ მათ მიერ შეწირული ცხოველების საშუალებით მიაღწევენ სამოთხემდე. ამიტომ საკლავს სპეციალურ ნიშანს ასვამენ, რომ ჯოჯოხეთზე გადებული ხიდის გადასალახად, განკითხვის დღეს ადვილად იპოვონ მოწყალებისთვის გაღებული შესაწირი – რომელიც ახლა მათ ტრანსპორტად იქცევა.

ყურბან-ბაირამი, იგივე მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მთელს მუსლიმურ სამყაროში აღინიშნება, როგორც წინასწარმეტყველი იბრაჰიმის (აბრაამის) მზადყოფნა დაემორჩილოს ღმერთს ყველაფრის, მათ შორის თავისი შვილის შეწირვით.

ამ დღის მთავარი ტრადიცია არის ძროხის ან მამალი ცხვრის (ვერძის) დაკვლა, რომლის ხორციც სამად ნაწილდება, ერთი მესამედი გაჭირვებულებს ურიგდებატ, ერთი მესამედი მეზობლებს, განურჩევლად მათი რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთ მესამედს ოჯახში იტოვებენ. გარდა მსხვერპლშეწირვისა ქველმოქმედების სახით ხდება ხდება ფულის გაცემა, საკვებისა და ტანსაცმლის დარიგება.

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე როგორც წესი, თითოეული ოჯახიდან მუსლიმი მამაკაცები ტრადიციულად მიდიან მეჩეთში თაქბირის, იგივე ალაჰის განდიდების ლოცვის წასაკითხად. ისინი ამას დღესასწაულის დასრულებამდე ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებენ. თაქბირს კითხულობენ არა მხოლოდ მეჩეთში ან სახლში, არამედ ქუჩებსა და მოედნებზე. ალაჰს კაცები ხმამაღლა განადიდებენ, ხოლო ქალები – ჩუმად. ამ დღეს მუსლიმი ადრე უნდა ადგეს, განიბანოს, ჩაიცვას საუკეთესო ტანსაცმელი და მეჩეთში დილის ღვთისმსახურებაზე წავიდეს.

აღნიშნულ დღესასწაულს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს თანამედროვე ისლამური თეოლოგიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს აღარ მისცეს საშუალება ტერორისტებს, რელიგია ძალადობის წყაროდ აქციონ. კაცობრიობის უმთავრესი მტრის, ტერორიზმის გასანადგურებლად, მუსლიმები ხშირად იხსენებენ იიდ-ალ ადჰას დღესასწაულის ნამდვილ მნიშვნელობას – სადაც ღმერთი უარს ამბობს მისი მორჩილების ნიშნად ადამიანის მსხვერპლად შეწირვაზე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოში აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფებოდა
Öncəki yazı
Prezident “Seçki Məcəlləsi”nə dəyişikliklərə veto qoyub