უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა, რომელიც მაისის დასაწყისში, ” აგენტების შესახებ კანონის” მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, კანონის მოწინააღმდეგეებთან მუქარის შემცველი ზარების გამო, არაერთი მიმართვის ფონზე დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, შეჩერებულია და იგი პროურატურას გადაეცა, მასში სისხლის სამართლის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე.
“რამდენადაც, მოქალაქეებთან სატელეფონო ზარების განხორციელება, ერთგვაროვანი მეთოდის (ე.წ. Caller ID Spoofing) გამოყენების, სიხშირისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს, ამასთან, ძირითად შემთხვევაში, სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვნების დაშინების მცდელობას, ხოლო, დასახელებული საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს, სამსახურმა მითითებულ საკითხთან მიმართებით მიღებული ყველა განცხადება და შეტყობინება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რეაგირების მიზნით გადაუგზავნა საქართველოს პროკურატურას.”
სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია – “სამსახურში წარმოდგენილი მომართვების თანახმად, მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები ხორციელდებოა როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის (მათ შორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, მექსიკა) სატელეფონო ნომრებიდან. მომართვების ავტორების განმარტებით, ზარის განმახორციელებელი პირები, ორივე შემთხვევაში, საუბრობენ ქართულ ენაზე.”
“სატელეფონო ზარის განმახორციელებელი პირები, ხშირ შემთხვევაში, მათ უკავშირდებიან რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და მიმართავენ ღირსების შემლახველი ტერმინოლოგიით, ეკითხებიან, თუ რატომ არ უჭერენ მხარს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუკი ისინი და მათი ოჯახის წევრები პროტესტს არ შეწყვეტენ. გარდა სატელეფონო ნომრებისა, ზარის განმახორციელებელი პირებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია ზარის ადრესატების სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებთან/ნათესაურ კავშირებთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების ავტორების განმარტებით, ზარების ინიციატორები მუქარის შემცველი ზარებით უკავშირდებიან მათი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვნებს.”
“საგულისხმოა, რომ მომართვების ავტორები მიუთითებენ, მათ შორის, ღამის საათებში განხორციელებულ ზარებზე, რომლებიც მათსა და მათ ოჯახის წევრებში განსაკუთრებულ შიშს იწვევს. როგორც მოქალაქეები განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ზარის განმახორციელებელი პირებისთვის ცნობილია ზარის ადრესატების საცხოვრებელი მისამართები, ისინი მუქარას აღიქვამენ რეალურად.”
შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ზარის განმახორციელებლის იდენტიფიკატორის გაყალბებას (ე.წ. Caller ID Spoofing), რომელიც ხორციელდება შემდეგნაირად: ზარის განმახორციელებელი ადრესატთან ზარს ახორციელებს რეალური ნომრის გამოყენებით, სპეციალური ინფრასტრუქტურის გავლით, რა დროსაც ზარის განმახორციელებლის რეალური ნომერი იცვლება არარსებული ან/და მითვისებული ნომრით. შედეგად, ადრესატთან დაკავშირება ხდება იმგვარად, რომ ზარის ინიციატორად აისახება არარსებული/მითვისებული სატელეფონო ნომერი და ზარის განმახორციელებელი პირის რეალური ნომერი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის დაუდგენელია.
შემოწმების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ანალოგიური პროცესი იკვეთება უცხო ქვეყნების, მათ შორის, აზერბაიჯანული სატელეფონო ნომრებიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან მიმართებითაც. ადგილზე შემოწმების ფარგლებში, ერთ-ერთი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მის ქსელში ჩართულ აბონენტებთან, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანული ნომრებიდან ხორციელდებოდა დიდი რაოდენობის სატელეფონო ზარები, რაც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოქმედი მობილური ოპერატორისგან მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, არ ხდებოდა მათი ქსელის გავლით.
” შემოწმების ფარგლებში, შემოწმებულიი 3 ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიიდან, მხოლოდ ერთ-ერთის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ნომრებიდან, 2024 წლის მაისის თვეში, დაფიქსირდა აღნიშნული კომპანიის 400-ზე მეტ აბონენტთან ზარების განხორციელების ფაქტი.”