“სანქციები შეიძლება დაუწესდეს ყველას, ვინც 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის წევრად” – ამის შესახებ ნათქვამია სენატში წარდგენილი კანონპროექტში, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” უწოდეს.
აქტი ამბობს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს: “სწრაფი შედეგების დაკისრება იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ხელმძღვანელობდნენ ან პირდაპირ და შეგნებულად ჩაერთნენ ხელმძღვანელობაში, ქმედებებში ან პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის საქართველოში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს, ან ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია კანონპროექტში.
სენატში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სანქციები შესაძლოა დაუწესდეს:
“(1) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი.
(2) ნებისმიერი პირი, რომელიც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით.
(3) (1) პუნქტში აღწერილი თანამდებობის პირის ან (2) პუნქტში აღწერილი პირის უახლოესი ოჯახის წევრი.”
აქტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს “პოლიტიკური მოტივაციით” დაკავებული პირები და გაიწვიოს საქმეები მათ წინააღმდეგ. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება, რათა ის ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას
სენატორების მიერ წარდგენილი აქტი ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეადგინოს იმ პირთა სია, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, ჩართულია კორუფციაში ან “ბლოკავს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოში”.
აქტში ნათქვამია: “კონგრესის თვლის, რომ “ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირებისკენ მიმართული ქმედებები, საქართველოში კორუმპირებული ან ოლიგარქიული ძალების არასათანადო გავლენის გამო, წარმოადგენს კორუფციის ფორმას”.
კანონპროექტი მოიცავს როგორც სავიზო, ისე ქონებრივ სანქციებს.
“შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურობის შეზღუდვები ან სანქციები პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რაც მოიცავს ძალადობას ან დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ”, – ნათქვამია აქტში.
კანონპროექტი ასევე განიხილავს კერძო საკუთრების გაყინვას და ავრცელებს საქართველოზე “რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობის” და ე.წ. “მაგნიტსკის აქტით” გათვალისწინებულ სანქციებს.ამასთან, აქტში საუბარია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე. “კონგრესის აზრით, [სახელმწიფო] მდივანმა უნდა შეაჩეროს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 9 იანვარს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ზომებს, რათა (1:) ასახოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული სურვილები და (2:) შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ”, – ნათქვამია აქტში.
კანონპროექტი 5 წლის ვადით მოქმედებას ითვალისწინებს და გარდა სხვა ნაწილებისა, მოიცავს ვალდებულებას, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ გადახედოს საქართველოში მის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მის დახმარებას ქვეყნის შიგნით, შეაჩეროს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და გადახედოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
აქტში აღნიშნულია საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და ნათქვამია, რომ უნდა იქნას შესწავლილი, თუ როგორ გაგრძელდეს პარტნიორობა სამომავლოდ. აქტი ასევე ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს რუსეთისა და ჩინეთის გავლენები საქართველოში. კანონპროექტით გათვალისწინებულია ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება.
როგორც “ამერიკის ხმა” წერს, ამ ნაბიჯამდე, “ქართული ოცნების” მიერ ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონის განხილვისა და მიღების პარალელურად, ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.