ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარაში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
უწყების თქმით, აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი მიიღეს.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 3 იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან 5 უკვე დააკავეს.
“გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ.
გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან დაკავებულ იქნა ხუთი პირი.
დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში მიიღეს დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მოახდინეს მისი ლეგალიზაცია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა,” – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.