This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ იმირის, ნეოლითის ხანის, ნამოსახლარში, „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიური ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუზეუმის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

43

Another advertisement
არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი ადგილზე გაეცნენ.
ობიექტის დაცვისა და განვითარების მიზნით შექმნილი პროექტით გათვალისწინებულია მისი გადახურვა, საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობა. არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება, გარემოსა და ლანდშაფტის აღქმა შესაძლებელი იქნება ფერმებზე დაკიდებულ საფეხმავლო პანდუსზე ასვლით.
აღსანიშნავია, რომ ობიექტზე არქეოლოგიური გათხრები 2006 წელს დაიწყო. ექსპედიციას პროფესორი მინდია ჯალაბაძე ხელმძღვანელობდა. 2015 წელს აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, რომელიც ანალიზისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის უნივერსიტეტში გაიგზავნა, სადაც დადგინდა, რომ ჭურჭლის ფორებში შემორჩენილი იყო 8000-წლოვანი ღვინის ნაშთები. 2017 წელს ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მსოფლიოს 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის დასახელდა. იგი ავლენს მდიდარ ისტორიას, რომელიც საქართველოს მიწას ღვინის აკვნად წარმოაჩენს.
იმირის „გადაჭრილი გორა“ ქვემო შულავერის ჯგუფის ნამოსახლარებში ერთიანდება და ადრესამიწათმოქმედო ძეგლების უადრესი ნიმუშია. თარიღდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სხვადასხვა დონეზე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ძირითადად, ღია ფერის გამომწვარი, გაპრიალებული ზედაპირით.
არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების მხარდამჭერები არიან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტი. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისამდე დასრულდება. მომდევნო ეტაპზე დაიწყება ტერიტორიის კეთილმოწყობა. „გადაჭრილი გორა“ იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ასევე საგანმანათლებლო-სამეცნიერო ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.
სამუზეუმო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ.
default

Kateqoriya: Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
ტექინსპექტირების ფასი სავარაუდოდ, გაიზრდება
Öncəki yazı
დოლარი გამყარდა – ვალუტის კურსი