მთიან აჭარაში ქალებს სამზითვო ქსოვილების ქარგვასა და ხელსაქმეს ბავშვობიდან, დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ. ნაქარგობა მზითვის აუცილებელი ელემენტი იყო. სამზითვოდ ნაქარგ ტილოებს ხელნაქნარებს უწოდებდნენ. მათ თავად პატარძლები ამზადებდნენ და გათხოვების შემდეგ ნაქარგობებით მეუღლის სახლს რთავდნენ. დაახლოებით 20-30 წელია, პატარძლები მთიან აჭარაში სამზითვოდ აღარაფერს ქარგავენ. შესაბამისად, ქარგვის ტრადიციაც მივიწყებას ეძლევა, თუმცა მისი გადარჩენის იმედი არსებობს – 2020 წლის 2 ნოემბერს ქარგვის ტრადიციას მთიან აჭარაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ქარგვა იყო ქალისთვის ხელმისაწვდომი სახვითი ხელოვნების ერთადერთი სახეობა, სადაც ქალს შეეძლო სამყაროს საკუთარი ხედვა და შემოქმედებითი საწყისი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამეტყველო ენით შეექმნა და ყოფაში გადმოეტანა.
-