ქართველი თანამედროვე ახალბედა მწერლების სიას კიდევ ერთი, საინტერესო ავტორი შეემატა. ანი ბალიაშვილი გამომცელობა „პალიტრა L“-მა ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2023-ის ფარგლებში აღმოაჩინა. ანი ბალიაშვილის სადებიუტო რომანი „ფსკერზე“ უკვე „ბიბლუსის“ ქსელშია. როგორც თავად ავტორი ამბობს, თავისი პირველი წიგნი ქალების შესახებ დაწერილი წიგნია და ამ რომანით, ჩვენს ქვეყანაში ქალად ყოფნის სევდის მკითხველამდე მიტანა სურდა.როგორი შეიძლება იყოს მოძალადის ფსიქოტიპი? წიგნში შემაძრწუნებლად ნამდვილი პასუხები გელოდებათ. და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? ზოგჯერ ის საშინელ, მტანჯველ, დაუსრულებელ ღამედ შეიძლება გვექცეს, ზოგჯერ კი მზეა, რომლის სხივები ფსკერსაც ჩასწვდება და გაანათებს. სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც – ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს – და ამდენად, ეს ამბავი მოძალადეზეცაა. ოღონდ ეს ერთობა მსხვერპლისთვის ფსკერია, მოძალადისთვის?..
-