საგემოვნო თვისებების გარდა ამ ყველის მთავარი ღირებულება მისი სიმსუბუქე იყო, ამიტომ მტრის შემოსევებისას ხალხი სახლებს რომ ტოვებდა და მღვიმეებს, გვირაბებს აფარებდა თავს, შეეძლოთ თან წაეღოთ ეს ყველი – თან მჩატე და თან სასარგებლო პროდუქტი. 300-გრამიანი ყველი წყალში დალბობის შემდეგ ფუვდებოდა, ერთ კილოიან მასად გადაიქცეოდა და მთელი ოჯახის გამოკვება შეეძლო. ამ პროპორციებით, გაქცევის დროს ერთ ადამიანს 100 კილომდე ყველის წაღება შეეძლო. ამ ღირსებებს ისიც ემატება, რომ ყველი მშრალ მდგომარეობაში 5 წელიც კი ინახებოდა, ამიტომ, რეგიონის ყველა ოჯახს სულ ჰქონდა მარაგში „ძაფებიანი ყველი“. ადგილობრივი მოსახლეობა გვიდასტურებს, რომ ეს ამბავი საქართველოს უძველესი ისტორიაა. დაახლოებით IV საუკუნით თარიღდება ის სამალავები, სადაც ხალხი დიდი დროის მანძილზე თავს აფარებდა აპოხტის (გამხმარი ხორცის), სომინი პურისა და ტენილი ყველის იმედად.ნელ-ნელა დრო შეიცვალა. ომიანობა დასრულდა, ყველს კი თითქოს ფუნქცია დაეკარგა. მშვიდობიანობის დროს მისი მარაგი აღარც იყო საჭირო, ამიტომ ხალხმა ახალი ფორმა მოიფიქრა და რძისგან მოხდილ ნაღებში მისი გადაზელა დაიწყო. მიღებულ საერთო მასას სპეციალურ ქოთნებში ტენიდნენ და ამ ფორმით ინახავდნენ. სახელწოდება ტენილიც სწორედ აქედან მომდინარეობს
-