ქართული ჩირი და ჩურჩხელა საახალწლო და სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ ჯემალ ავალიანის გამოგონება – “კვების პროდუქტების საშრობი მოწყობილობა მზის ენერგიის გამოყენებით” – აჩქარებს სხვადასხვა სახეობის ხილის: კომშის, ვაშლის, მსხლის, ლეღვის გამოშრობის, მისგან ჩირის დამზადების პროცესს; ამ მოწყობილობაში გარკვეული ფორმის სარკეების მეშვეობით, რომლებსაც კონცენტრატორები ეწოდება, მზის ენერგია კამერაში გროვდება, სადაც გამოშრობისთვის საჭირო ტემპერატურა მყარდება, რაც ხილის შრობას მნიშვნელოვნად აჩქარებს – ჩირი რამდენიმე თვის ნაცვლად რამდენიმე საათში მზად არის, ეს კი პროდუქციის თვითღირებულებას ამცირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დანადგარი ეკოლოგიურად სუფთაა, საშრობ კამერაში არანაირი მავნე ნივთიერება არ წარმოიქმნება; დანადგარის მუშაობისას გამოიყენება როგორც მზის, ისე ელექტროენერგია – ღრუბლიან ამინდში, როცა მზე არ ანათებს, ანუ აპარატი ჰიბრიდულია, რამდენიმე სახეობის ენერგიის მონაცვლეობაა შესაძლებელი, განსაკუთრებით ღამით მუშაობისას, როცა რამდენიმე კილოგრამი ხილის სწრაფად გამოშრობა გვინდა. – რისგან შედგება მოწყობილობა? – ფაქტობრივად, ეს არის ასანთის კოლოფის ფორმის დიდი ყუთი, 2 მეტრი სიგრძისა და ერთ-ნახევარი მეტრი სიგანის, დაახლოებით, 80 სანტიმეტრი სიღრმის, რომელშიც თავსდება რამდენიმე კილოგრამი დაჭრილი ხილი. ყუთის გარშემო მოთავსებულია სპეციალური ფორმის სარკეები, რომლის საშუალებითაც კამერაში საჭირო მიკროკლიმატს ვამყარებთ. მოწყობილობას გამჭვირვალე მასალის თავსახური აქვს. ყუთი შედგება ორი ნაკვეთურისგან, რომლებსაც ქმნის ყუთის შიგნით არსებული გამყოფი კედელი, ამასთან, გამყოფ კედელში საჰაერო ნახვრეტებია, ყუთის გვერდითა კედლებზე სახსრულად დამაგრებულია პანელები; თითოეული პანელი აღჭურვილია პარაბოლური სარკეებით. ყუთს ათავსებენ სპეციალურ თაროზე, მიწის ზედაპირიდან გარკვეულ მანძილზე. მიწის ზედაპირზე განთავსებულია მზის სხივების ამრეკლი შრე, რომელიც შრობის პროცესში ირეკლავს მზის სხივებს და მიმართავს მას ყუთის ქვედა მხარისაკენ. პარალელურად მზის სხივები ეცემა ყუთის ზედა მხარესაც და შრობა ერთდროულად ყუთის ზედა და ქვედა ზედაპირებიდან მიმდინარეობს. – ამ აპარატის პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენების შეთავაზება თუ გაქვთ? – რამდენიმე უკვე დავამზადეთ და ამჟამად ამ მეთოდით აშრობენ ხილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – გორში, ქარელში, ახალციხეში. ეს მეთოდი პროდუქტის თვითღირებულებასაც ამცირებს. – აპარატის შექმნის იდეა როგორ გაჩნდა? – სამეცნიერო ინსტიტუტი “ოპტიკა” დიდი ხანია მუშაობს მზის ენერგიის მრავალმხრივ გამოყენებაზე, ამ დანადგარზეც ამ მიზნით დავიწყეთ მუშაობა, საკმაო დრო მოვანდომეთ მის სრულყოფას. მივაღწიეთ იმას, რომ მოწყობილობის გადაადგილება, მზისკენ მიტრიალება უკვე ავტომატურად არის შესაძლებელი.
-