შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ყ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვის და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედას – 1952 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.ყ. ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.