ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დაემატება. 3,5-კილომეტრიანი ზოლის პროექტირება უახლოეს დღეებში დაიწყება – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „აბსოლუტ სერვისთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია „აბსოლუტ სერვისი“ 2010 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის კომპანიის 100%-იან წილს დავით კვარაცხელია ფლობს, დირექტორი კი თედორე კუხიანიძეა. კომპანიის საქმიანობა მოიცავს გზების, ხიდების, გვირაბების, აეროდრომების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის პროექტირების სფეროს. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული ხელსაწყოებით და ტექნიკით. ტენდერების მონიტორის მიხედვთ, შპს აბსოლუტ სერვისს მონაწილეობა მიღებული აქვს 148 სახელმწიფო ტენდერში, აქედან მოგებული აქვს 43 ტენდერი, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება შეადგენს 10 298 988 ლარს. ამასთან, კომპანიას მონაწილეობა მიღებული აქვს 12 გამარტივებულ შესყიდვაში, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 426 736 ლარს შეადგენს. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით კი, 2021 წელს კომპანიის შემოსავალმა 1 776 730 ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდისთვის კომპანიის აქტივები იყო 3 372 337 ლარი. ამასთან, 2021 წელს აბსოლუტ სერვისი 28 316 ლარის ზარალზე გავიდა. ცნობისათვის, კომპანია „აბსოლუტ სერვისი“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შეარჩია. კომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტი 6 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3,2 მლნ ლარია, რასაც, როგორც აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.
-