მსოფლიოში ბევრი ხანდაზმული, საუკუნოვანი მცენარე ხარობს; მათ შორის არის ვაზიც. ამჯერად ძალიან დიდი ხნის ვაზის შესახებ გვინდა მოგითხროთ, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის ეზო-კარში ხარობს. ბატონი ნიკო ამბობს, რომ სახლ-კარი და 300 წლის ვაზი შთამომავლობით ერგო. – დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მაგრამ სტუდენტობის შემდეგ ქალაქში ყველაფერს თავი დავანებე და სოფლურ ცხოვრებას მივყევი. მანამდე აქ მოხუცი პაპა-ბებია მყავდა. 12 წელიწადია, წინანდლის სკოლაში ვმუშაობ, ინფომენეჯერი და ინფორმატიკის მასწავლებელი ვარ, მაქვს საოჯახო სასტუმრო და ჩემს მეურნეობას ვუვლი. ჩვენი ვაზი 300 წლისაა. მასზე ბევრი დაწერილა. ზოგი მიუთითებს, რომ 100 წლისაა, ზოგი – 150-ის. უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად. ბოლოს იტალიელებმა შეაფასეს და ლაბორატორიულად დაადგინეს, რომ 300 წლისაა. ასე რომ, ჩვენი ვაზი ევრაზიის სამეულში მოხვდა; ერთი სლოვენიაშია, რომელიც 400 წლამდეა, ერთი – ინგლისში და მესამე ჩვენია.
-