ივნისში სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 13.1% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვის ახალ ანგარიშში წერია.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, განაკვეთების შემცირება ლარის სესხებზე პროცენტების დაწევას უკავშირდება.
„ივნისში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 1.0 პპ-ით შემცირდა და 13.1% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.7 პპ-ით 15.9%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 9.0%- ის დონეზეა.
იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით შემცირდა და ივნისში 13.7% შეადგინა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.7 პპ-ით შემცირდა და 12.0% შეადგინა.
ივნისში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 9.4%-მდე შემცირდა.
უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.1 პპ-ით 7.1%-მდე შემცირდა.
ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.5%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით მოიმატა.
ივნისში, ლარით დაკრედიტება წლიურად 15.7%-ით, 25.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.1 პპ-იანი წვლილი შეიტანა.
უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 11.1%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.4 პპ-იანი წვლილი შეიტანა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპის ზრდა ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპის მატებით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პპ-ით გაიზარდა, იპოთეკური სესხების წვლილი კი არ შეცვლილა.
„სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა და მთლიან სესხებში 3.5 პპ-იანი წვლილი შეიტანა“, – წერია სებ-ის ანგარიშში.
მათივე ცნობით, ივნისში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 8.4 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 1.2 მლრდ ლარით გაიზარდა) და 46.7 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 22.0%-ით გაიზარდა, ძირითადად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით.