აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, – ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჯეიჰუნ ბაირამოვის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მოძმე საქართველოს მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულებს მალე იპოვიან.
„მინისტრმა ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის, გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.