აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის შექმნის პროექტს საქართველოს პორტებში ინვესტირების შესაძლებლობასთან ერთად განიხილავს და ამაზე აქტიურად მუშაობს.
ამის შესახებ პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ჩინურ ტელეარხ China Global Television Network-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის ექსპლუატაციასთან ერთად დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სატვირთო მიმოსვლის გაზრდისთვის.
„აზერბაიჯანის გავლით ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს საზღვაო პორტებით მოხდება და ამ კუთხით დიდი ინტერესით განვიხილავთ გარკვეული ინვესტიციების შესაძლებლობებს,“ – აცხადებს ალიევი.
ალიევის ცნობით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის სამშენებლო სამუშაოები, თითქმის, 70%-ით დასრულებულია.„ჩვენ მეტად აქტიურად ვმუშაობთ ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში დამატებითი მარშრუტი გახდება,” – აცხადებს პრეზიდენტი.
ამასთან, ალიევი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანს არ სურს, მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა იყოს, ამიტომ მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების მარშრუტზე მრავალი ახალი საწარმოს შექმნას გეგმავს.
„ჩვენ გვსურს, აზერბაიჯანში მსხვილი სამრეწველო ზონები შევქმნათ და ამ მიმართულებით უკვე ვმოძრაობთ,” – ამბობს პრეზიდენტი.ეს შესაძლოა, მიმზიდველი იყოს ჩინური კომპანიებისთვისაც, რომლებიც, ალიევის თქმით, ბაქოს მახლობლად მდებარე ალიატის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში შეძლებენ წარმოების შექმნას. ალიატის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ივნისში გაიხსნა და უკვე ფუნქციონირებს.ცნობისთვის: ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფანი აზერბაიჯანული პროექტია, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, 40 კმ-ია და სომხეთის სიუნიქის პროვინციაზე გადის. აზერბაიჯანი დერეფანს ქვეყნის დასავლეთ რეგიონებსა და მის ექსკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფის საშუალებად განიხილავს.
2021 წლის 16 დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ბრიუსელში მოლაპარაკებების დროს დაადასტურეს შეთანხმება ერასხ-ჯულფა-ორდუბად-მეგრი-გორადიზის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე. ამ რკინიგზის ამოქმედების შემდეგ სომხეთი რუსეთთან და ირანთან, აზერბაიჯანი კი ნახიჩევანთან იღებს წვდომას.
ექსპერტების შეფასებით, ზანგეზურის რკინიგზით სომხეთი რუსეთს აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება, ხოლო აზერბაიჯანი, თავის მხრივ, სომხეთის გავლით თურქეთზე გავა.
დერეფნის რკინიგზა ერთმანეთს რუსეთსა და თურქეთსაც დააკავშირებს.2022 წლის 14 იანვარს ფაშინიანმა ერასხი-მეგრის მონაკვეთებზე რკინიგზის აღდგენისთვის სამუშაო ჯგუფიც შექმნა. წლევანდელი მაისის მდგომარეობით, დერეფნის 70% უკვე აშენებულია.
აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის გათვლებით, აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის განბლოკვა ქვეყანას ექსპორტის 710 მლნ დოლარით გაზრდაში დაეხმარება.
ბაქო, ასევე, 10 მლნ დოლარს დაზოგავს, რომელიც ყოველწლიურად ბაქო-ნახიჩევანის ავიარეისების სუბსიდირებაზე იხარჯება. ცენტრის შეფასებით, ყარსი-ნახიჩევანი-მეგრი-ზანგილან-ბაქოს სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნახიჩევანის ბლოკადის მოსახსნელად, არამედ სატრანსპორტო ხარჯების შესამცირებლად, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და სამგზავრო მიმოსვლის გასაზრდელად.