86 წლის ასლან აბაშიძე შვილიშვილებთან ერთად – ფოტოებს სოციალურ ქსელში რძალი, სალომე ბაჯელიძე ავრცელებს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ფოტოები სოციალურ ქსელში, საქართველოდან რუსეთში გაქცევის შემდეგ ვრცელდება.
წლებია, რაც აბაშიძე მოსკოვში ცხოვრობს. სწორედ იქ შეეძინა მესამე შვილი ალექსანდრე, რომლის დაბადებისას აბაშიძე 78 წლის გახლდათ, ხოლო ბავშვის დედა – 45 წლის.
მოგვიანებით პოლიტიკოსმა ბავშვის დედაზე ოფიციალურად იქორწინა. მისი რჩეული ქალი ანაიდა ოვაკუმიანია ჯერ კიდევ ბათუმში მათ ოჯახში მზარეულად მუშაობდა.
ასლან აბაშიძეს გარდაცვლილ მეუღლესთან – მაგული გოგიტიძესთან ორი შვილი – დიანა და გიორგი ჰყავს.
გიორგის მეუღლის სალომე ბაჯელიძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების კომენტარებში წერენ:
„ეს ყველას ბაბუ იყო. მთელი ბავშვობა გვიხაროდა ახალი წლის მოსვლა ბაბუ ტკბილეულს გვირიგებდა. დიდხანს სიცოცხლე და ჯამრთელობა.“
„გვიყვარს აჭარლებს ჩვენი ბაბუ“
„აუუუ, რა მაგარია სალო ჩვენი ასლან ბაბუ. გამახსენდა ბავშვობა და ის პერიოდი. მენატრება ის დრო. ჯამრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ასლან ბაბუს.
„მონატრებული “ბაბუ”! ძალიან კარგი სურათებია! იხარეთ! ბავშვობაში დავბრუნდი“.
ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი 27 წლის იყო როდესაც 17 წლის ბათუმელ გოგონაზე სალომე ბაჯელიძეზე იქორწინა. ქორწინება 2003 წელს შედგა, მაგრამ გრანდიოზული ქორწილისა და ჯვრისწერის გარეშე. ოჯახის შექმნიდან ძალიან მალე სალომეს მამა გარდაიცვალა, გიორგის დედას კი, მაგული გოგიტიძეს სიმსივნე აღმოაჩნდა და რამდენიმე თვეში ისიც დაიღუპა.
საყვარელი ადამიანების გამო დაგროვილ სტრესს ახალდაქორწინებულებმა ვერ გაუძლეს და რვა თვეში დაშორდნენ. მაშინ ამბობდნენ, რომ სალომე დედამთილის რჩეული იყო და მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. დაშორების მიუხედავად ყოფილი დედამთილის საფლავზე ქალი ხშირად დადიოდა. სალომეს ძალიან უყვარდა მამამთილი და მისივე თხოვნით, ბაბუთი მიმართავდა…
მომხდარის შემდეგ წყვილს შერიგება არ უცდიათ, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებდნენ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძემ ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მოსკოვში ცხოვრობდა გიორგი აბაშიძეც, რომელსაც იქ ახალი რჩეული ჰყავდა, თუმცა არ დაოჯახებულა.
თერთმეტწლიანი დაშორების შემდეგ, სალომე და გიორგი შერიგდნენ და ხელი 2015 წელს ბათუმში მოაწერეს. მალე წყვილს ტყუპი გოგონა შეეძინა, 2022 წელს კი ვაჟი.