This is a specific ad

5 საინტერესო ფაქტი ნოვრუზის შესახებ

55

Another advertisement

მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 მილიონი ადამიანი აღნიშნავს ნოვრუზს — ათასწლოვანი ტრადიციის მქონე დღესასწაულს. ბალკანეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მოზეიმეები საგანგებო რიტუალების შესრულებით ხვდებიან ახალ წელიწადს და გაზაფხულს.

როგორც ამბობენ, ნოვრუზი იმის შემახსენებელია, რომ სიბნელე წარმავალია — დღე მალე ღამეს დაჯაბნის, ჰორიზონტზე კი მზე ამოიწვერება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

1. ნოვრუზი გაზაფხულის ბუნიობასაც აღნიშნავს

ირანში თითქმის 3 000 წელია, ნოვრუზის აღნიშვნა გაზაფხულის ნაბუნიობაზე (20 მარტს) იწყება, რომელიც ასტრონომიული გაზაფხულის დაწყების თარიღადაც მიიჩნევა. ანტიკურ პერიოდში ამ დღესასწაულით ახალი სეზონის შემობრძანებას და ბუნების გაღვიძებას ზეიმობდნენ. ტრადიციული რიტუალები კი, რომლებიც აღნიშვნისას გამოიყენება, ზოროასტრიზმის ხანაში იღებს სათავეს.

2. ნოვრუზი გაეროს მიერ აღიარებული დღესასწაულია

ნოვრუზი, როგორც მშვიდობისა და სოლიდარობის საზეიმო დღესასწაული, რომელსაც ძირითადად ოჯახებში აღნიშნავენ, გაეროს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულია. ამ დღეს ასევე აღნიშნავენ კულტურულ მრავალფეროვნებას, ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის მეგობრობას და სხვა მნიშვნელოვან ღირებულებებს. აღსანიშნავია, რომ ნოვრუზი UNESCO-ის მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც არის აღიარებული.

3. დღესასწაულის აღნიშვნა მდიდარია სიმბოლური რიტუალებით

რადგან ნოვრუზი ახლის საწყისთან ასოცირდება, ამ დღეს მოზეიმეები სახლს “აახლებენ”. სადღესასწაულო კერძების მომზადებასთან ერთად, ოჯახის წევრები იძენენ ახალ სამოსს, საცხოვრებელს ყვავილებით რთავენ და სტუმრებს ელოდებიან.

თუმცა, ნოვრუზთან დაკავშირებული რიტუალები ჯერ კიდევ ზამთრის ბოლო ოთხშაბათს იწყება, როცა ჩაჰარშანბე სურის ფესტივალს მართავენ. ეს დღესასწაული ერთგვარად ჭიაკოკონობას მოგაგონებთ. მოზეიმეები თავიანთ უბნებში პატარ-პატარა კოცონებს ანთებენ და მზის ჩასვლის შემდეგ მათ ზემოთ ხტომას იწყებენ. ამ მხიარულებაში უფროსებიც მონაწილეობენ და რიტუალურ ფრაზებს ბავშვებთან ერთად იმეორებენ. შინაარსობრივად ეს ფრაზებიც, უმეტესად, სიბნელისგან გათავისუფლებასა და სინათლისკენ სწრაფვის იდეას უკავშირდება.

4. ჰაფტ-სინის ტრადიცია, ანუ ნოვრუზის მთავარი სიმბოლო

ჰაფტ-სინი პირდაპირი მნიშვნელობით “შვიდ სინს” ნიშნავს. სინი სპარსული ანბანის მე-15 ასო-ბგერის, “ს”-ის აღმნიშვნელია, ხოლო ჰაფტ-სინი იმ 7 ნივთის ერთობლიობაა, რომლის სახელიც “ს”-თი იწყება. ესენია:

  • საბი — ვაშლი (სილამაზისა და ჯანმრთელობის სიმბოლო)
  • სარი — ნიორი (ერთგვარი თილისმა)
  • სამანუ — ტკბილი პუდინგი (ბარაქის სიმბოლო)
  • საბზე — ჯეჯილის სახით წარმოდგენილი ხორბალი, ქერი ან სხვა მარცვლეული (განახლების სიმბოლო)
  • სეკე — უმეტესად ოქროს მონეტა (სიმდიდრის სიმბოლო)
  • სენჯედი — ლოტოსის ხის გამომშრალი ნაყოფი (სიყვარულის სიმბოლო)
  • სომაღი — თუთუბო (მზის ამოსვლის ფერის სიმბოლო)ამ ყველაფერთან ერთად, დღესასწაულზე წარმოდგენილია სარკე (ცის სიმბოლო), ოქროს თევზი აკვარიუმში (სიცოცხლის ციკლის სიმბოლო), სანთელი, რომელიც სინათლეს განასახიერებს, შეფერილი კვერცხები, როგორც დედამიწაზე გამრავლების სიმბოლო, ტკბილეული და ჰაფიზის ან რუმის ტექსტების კრებული.

    5. სიზდა ბედარის ზეიმი

  • ნოვრუზის აღნიშვნა მე-13 დღეს, სიზდა ბედარით მთავრდება. ამ დღეს მოზეიმეები გარეთ ატარებენ, რადგან შინ დარჩენა ცუდის ნიშნად მიიჩნევა. სიზდა ბედარს, როგორც წესი, პარკებში ან ღია ბუნებაში აღნიშნავენ და ერთგვარ პიკნიკს აწყობენ. რადგან ეს, უმეტესად, მდინარის მახლობლად ხდება, თან მიაქვთ საბზე, ანუ ჯეჯილი, რომელსაც წყალში მოისვრიან ხოლმე. ეს რიტუალიც, რა თქმა უნდა, ახალ წელს და ოჯახისთვის სიახლის დასაწყისს უკავშირდება
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ge/Az მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს
Öncəki yazı
ნოვრუზ ბაირამი 2024 • Novruz Bayramı 2024