This is a specific ad

20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 3 წლის შემდეგ მიიღო – რა წერია სამხარაულის ბიუროს გაცემულ დოკუმენტში?

18

Another advertisement

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, ოჯახმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტიზის დასკვნა მიაწოდა, რომელშიც აღნიშნულია:

„როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას, ისე მისი კორექციისას არ განხორციელდა ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ნიმუშის აღება და არ განხორციელდა ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით. აღნიშნულის განხორციელების შემდგომ, შესაძლებელი გახდებოდა სწორი ანტიბიოტიკოთერაპიული მკურნალობა – სწორი პრეპარატი სწორ დროს, სწორი დოზირებით. ანტიბიოტიკოთერაპია დაწყებული იქნა და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა ისე, რომ ცნობილი არ იყო ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, რომელი მათგანით, ასევე არ იყო განსაზღვრული, ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი… 27 აგვისტომდე იყო ინფექციონისტებთან კონსულტაცია, მათ შორის, გიორგი კანდელაკთან, თუმცა, ბაქტერიული კვლევის ჩატარების რეკომენდაცია არსად არ არის მითითებული. პირველად, ბაქტერიული კვლევა ჩატარდა 31 აგვისტოს, რაც მანამდე არ ჩატარებულა. 11 აგვისტოდან 31 აგვისტომდე ბაქტერიული კვლევა არ ჩატარებულა. ინტერლეიკენის 6 მაჩვენებლის ცვლილება აუცილებლად უნდა განხილულიყო დაავადების შესაძლო დამძიმების პროგნოზულ მარკერად, კლინიკური მდგომარეობის და სხვა ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლის ერთად. კვლევა ინტერლეიკებზე უნდა ჩატარებულიყო 1-2 დღეს ნაცვლად მე-4 დღისა… ჩატარებული ანტიკოაგულაციური თერაპია შეესაბამებოდა არსებულ მეთოდურ რეკომენდაციებს და გაიდლაინს. თრომბოციტოპენიის უფრო ეფექტური იქნებოდა ჰემატოლოგის ჩართულობის შემთხვევაში თერაპიულ განყოფილებაში. კორტიკოსტერიოდებით მკურნალობა არ ზემოქმედებს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, მტკიცება იმისა, რომ ჰემატოლოგის დროული კონსულტაცია პაციენტს დააზღვევდა შემდგომი ჩამოყალიბებულ უმძიმესი გართულებებისგან, არ არის მართებული“, – წერია დასკვნაში.

გარდა ამისა, პროფესორი თ. მეგრელიშვილი სამედიცინო დასკვნაში წერს, რომ პაციენტის მიმართ ექიმების მხრიდან უყურადღებობა არ გამოვლენილა.

„პაციენტ ვახტანგ ჩარკვიანის სტაციონარული მკურნალობის ორივე ეტაპზე (თერაპიული, რეანიმაციული განყოფილებები) კოვიდინფექციის მართვის ტაქტიკა შეესაბამებოდა არსებულ რეკომენდაციებს. ასევე, სამედიცინო პერსონალის მხრიდან არ გამოვლენილა უყურადღებობა, ან ისეთი ქმედება, რაც პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას, ან სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს გამოიწვევდა.

ექსპერტი დასკვნაში ასევე აღნიშნავს, რომ 10 სექტემბერს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, სატურაციის შენარჩუნება ვერ ხდებოდა. მისივე განმარტებით, რეანიმაციული ღონისძიებები 60 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, უშედეგო აღმოჩნდა, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა.

სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე საექსპერტო დასკვნაში კიდევ ერთი ექსპერტი კრიტიკული მედიცინის დარგში ლ. უგულავა იმ ნარკოტიკულ პრეპარატებზეც საუბრობს, რაც ჩარკვიანს მკურნალობისას გაუკეთდა.

„ვახტანგ ჩარკვიანს მკურნალობის პერიოდში მიღებული აქვს სხვადასხვა პრეპარატები, მათ შორის ფენტანილი, მორფინი, მიდაზოლამი, ნეორელიუმი, კეტამინი, პროპოფილი, დიმედროლი, არდუანი და ა.შ. 29 აგვისტოს პაციენტთან ნარკოლოგის კონსულტაცია ჩატარდა, მის მიერ მიცემული დანიშნულება რეკომენდაციის ხასიათს ატარებდა, რეანიმატოლოგი სიტუაციიდან და პაციენტის მდგომარეობის ცვლილებებიდან გამომდინარე მოქმედებდა, ის თვითონ განსაზღვრავდა ნარკოტიკული სედატიური და ფსიქოტროპული პრეპარატების შეყვანის დოზირებას. ამ პრეპარატების გამოყენებით, პაციენტ ჩარკვიანის ჯანმრთელობას ზიანი არ მიყენებია“, – წერს ექსპერტი.

რაც შეეხება თავად გარდაცვლილი ფეხბურთელის მამას, მისი განმარტებით, დასკვნაში, რომელსაც ოჯახი 3 წლის განმავლობაში ელოდებოდა, ექსპერტებისთვის დასმული კითხვები, ფაქტობრივად, იგნორირებულია. ჩარკვიანი საკუთარ პოზიციაზე რჩება და კვლავ ამტკიცებს, რომ ექიმებმა გულგრილი დამოკიდებულებით მისი შვილი მიზანმიმართულად მოკლეს. ის პროკურატურას შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. აღნიშნული ექსპერტიზა რამდენიმე წლის წინ იქნა დანიშნული, დასკვნა კი ახლახან მივიღე. დასკვნაში ისეთი რამეები წერია, რაც თვალნათელს ხდის, რომ ჩემი შვილი მიზანმიმართულად იქნა მოკლული. ამას ის გარემოებებიც მაფიქრებინებს, რომ ექსპერტებისთვის დასმული კითხვები, ფაქტობრივად, იგნორირებული იქნა ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ. თუმცა, რასაც ექსპერტიზამ გვერდი ვერ აურა და ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში პირდაპირაა მითითებული. დასკვნაში წერია, „ყოველივე აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი, ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სახით. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, 2021 წლის 10 სექტემბერს, ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა“. დასკვნის თანახმა, 2021 წლის 14 აგვისტოს, ვახტანგ ჩარკვიანს დაენიშნა ანტიბიოტიკი „ცეპეფინი“, ხოლო 17 აგვისტოს ანტიბიოტიკოთერაპია შეიცვალა და ისე დაენიშნა სხვა მედიკამენტები, რომ კვლევისათვის შესაბამისი ბიოლოგიური ნიმუშის აღება არ განხორციელებულა, არც ბაქტერიოლოგიური კვლევა არ მომხდარა, რაც შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით სავალდებულო იყო. ანტიბიოტიკოთერაპიის კორექცია ისე განხორციელდა, ცნობილი არ იყო, ჩარკვიანი ინფიცირებული იყო თუ არა ბაქტერიით და რომელი მათგანით. 11 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ბაქტერიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა.

ჩარკვიანს შესაბამისი კვლევები და მკურნალობა არ ჩატარებია. განზრახ მკვლელობას ვერანაირად დავამტკიცებ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ექიმებმა ჩემი შვილის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინეს და მისი სიკვდილი გაუფრთხილებლობის გამო დადგა. ჩემი შვილი ექიმების გულგრილი და გაუფრთხილებელი მოქმედებებით არის გარდაცვლილი.

დაკავებულია და მისჯილი აქვს შესაბამისი სასჯელი რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექთანს, ამჟამად საქმე მიმდინარეობს საავადმყოფოს პირველი სართულის თერაპიული განყოფილების უფროსის, ქეთევან ცერცვაძის მიმართ, მაგრამ ქეთევან ცერცვაძე მარტო არ იყო იქ, პირველ სართულზე რამდენიმე ექიმი იყო, რომელთაც შესაბამისი მკურნალობა უნდა განეხორციელებინათ. როცა ჩემი შვილის მდგომარეობა დამძიმდა – 17 აგვისტოს, როცა ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება კიდევ მოხდა. ის, რაც პირველმა სართულმა ჩაიდინა, ზღვაში წვეთია, მეორე სართულსაც მიუძღვის წვლილი. თუ პირველი სართულის მიერ მდგომარეობა გაუარესდა, მეორე სართულმა არანაირი მოქმედებები არ განახორციელა. ექსპერტებს და სპეციალისტებს მიზანმიმართულად ბევრი რამე აქვთ გამოტოვებული და გვერდი ავლილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 სექტემბერს გენერალურ პროკურატურასთან აქციაზე განცხადების სახით გავაჟღერებ, საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. ისეთი მტკიცებულებებია, პროკურატურამ ნება იბოძოს და ბრალი წაუყენოს შესაბამის პირებს. პროკურატურამ უნდა დადოს ის შედეგი, რასაც დაზარალებული და მისი ოჯახი ითხოვს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı
Sonrakı yazı
რუსეთის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
Öncəki yazı
“Böyük tarixə malik yeni şəhər”- Rustavi meriyası şəhəri brendləşdirməyə başladı