საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სკოლებში მიმდინარე სარემონტო პროცესს გაგებით შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, სკოლებში სარემონტო სამუშაოების ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ მშობლების წუხილზე. “იცით, რომ ახლა, ქვეყანაში დაწყებულია უპრეცედენტო სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ერთი მხრივ, არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა – 800 სკოლის და მეორე მხრივ, 200 სკოლის სხვადასხვა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის. ანუ ჯამში, რომ ავიღოთ, ქვეყანაში, დაახლოებით 1000 სკოლაზე გვაქვს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელთა ნახევარი, ანუ დაახლოებით 400 სკოლის უკვე დაწყებულია. ბუნებრივია, ეს პროცესი გარკვეულ უხერხულობებს ქმნის. ალბათ, ამას ახსნა არ უნდა, რომ ვერ მოხდება იმ სკოლის რეაბილიტაცია, მითუმეტეს ახლიდან აშენება თუ არ მოხდა სასწავლო პროცესის გადატანა ახლომდებარე სკოლებში. ასეთი დაახლოებით 200 სკოლაა და ბუნებრივია, ეს გარკვეულ უხერხულობებს ქმნის“, – დასძინა მან. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სარეაბილიტაციო პროცესში განათლების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება და სხვა დამხმარე მექანიზმები. „მინდა საზოგადოებას და ყველას ვთხოვო,რომ გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს, თანადგომა გამოვუცხადოთ პროცესს, ვინაიდან, სკოლაში სასწავლო პროცესი და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად ვერ ხერხდება“ , – განაცხადა ამილახვარმა. მისი თქმით, სარემონტო ინფრასტრუქტურის დაგვიანების შემთხვევები ნამდვილად არსებობს, შესაბამისად, მიმართავენ კანონის ყველაზე მკაცრ საშუალებას, რადგან ამით ზიანდება საგაკვეთილო პროცესი. „გამკაცრებულია ზედამხედველობა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს იმ ვადაგადაცილების აღმოფხვრა, რომელიც არის. დაახლოებით ვსაუბრობთ 10-12 სკოლაზე ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც გარკვეული ვადაგადაცილება აქვს და სწორედ ამიტომ, შესაძლოა 2-3კვირის დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები და მთლიანად სკოლა ინფორმირებულია. მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ იმ სკოლებს, მშობლებს და ბავშვებს, სადაც ეს უხერხულობა იქმნება, მაგრამ ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი, სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ჰქვია განათლებაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამ პირობებში, 3-4 წლის განმავლობაში, ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ინფრასტრუქტურული საკითხი მოგვარებული და საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული იქნება“, – განაცხადა ამილახვარმა.
-