ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გაასაჯაროვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის წარდგენილი ზეპირი მოხსენება, რომელშიც ევროკომისია ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ბრიუსელის მიერ მიცემული რეკომენდაციის შესრულებას აფასებს.
ოლივერ ვარჰეის განცხადებით, შეფასებისას გამოიყენეს შემდეგი სისტემა:
- არ არის პროგრესი – ანუ არ დაწყებულა რეკომდენაციის შესრულება;
- შეზღუდული პროგრესი – რეკომენდაციის შესრულება დაიწყო, მაგრამ ადრეულ ეტაპზეა;
- გარკვეული პროგრესი – ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, პროგრესი 50%-ზე ნაკლებია;
- მნიშვნელოვანი პროგრესი – გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ კვლავ მისაღებია რიგი ზომები, პროგრესი 50%-ზე მეტია;
- სრული პროგრესი – რეკომენდაცია შესრულებულია.
მისი განცხადებით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია:
1.გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ;
2.საქართველოს სასამართლოების მიერ განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს [„სტრასბურგის“] გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება;
3.ახალი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ დანიშვნა.
შვიდ რეკომენდაციაზე საქართველოს გარკვეული პროგრესი აქვს, ამბობს ევროკომისარი. ესენია:
- პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირება და საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
- ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება;მოწყვლადი ჯგუფების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება;
- სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება;
- ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება.
შეზღუდულ პროგრესს საქართველომ მიაღწია: დეოლიგარქიზაციაში.
საქართველოს არ აქვს პროგრესი შემდეგი რეკომენდაციის მხრივ:პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება.