თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია და მას სირცხვილი უწოდა.
მისი თქმით, ცერემონიაზე ნაჩვენებმა სცენებმა გამოავლინა „დეგენდერიზაციის“ საფრთხის მასშტაბი.
„საზოგადოების ფუნდმენტურ საყრდენზე – ოჯახის ინსტიტუტზე თავდასხმა სულ უფრო ინტენსიური ხდება. 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე დადგმულმა სირცხვილმა გამოავლინა საფრთხის მასშტაბები, რომლის წინაშე კაცობრიობა დგას. სპორტული ღონისძიება, რომელსაც უდანაშაულო ბავშვები და ყველა ასაკისა და რწმენის ასობით მილიონობით ადამიანი უყურებდა, გამოყენებული იყო ყველაზე მახინჯი გზით დეგენდერიზაციის პროპაგანდისთვის. ამ უზნეო სცენებმა ღრმა ჭრილობა მიაყენა არა მხოლოდ კათოლიკურ და ქრისტიანულ მსოფლიოს, არამედ ასევე მუსლიმებს და ყველას, ვინც პატივს სცემს სიწმინდეს. ხდება დეგენდერიზაციის საკითხის გლობალური თავს მოხვევა და არა არჩევა, ის იქცა ფაქტობრივად ომად სიწმინდისა და ბუნების წინააღმდეგ. ყველას, ვინც ხმას იმაღლებს ამ დესტრუქციული პროექტის წინააღმდეგ და მცირეოდენ რეაქციასაც კი ამჟღავნებს, აჩუმებენ და აქცევენ ლინჩის წესით გასამართლების კამპანიის სამიზნედ“, – განაცხადა ერდოღანმა.
მან მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთის შეშფოთებას იზიარებენ, მოუწოდა, შეუერთდნენ ბრძოლაში.
„უფლის წყალობით, ჩვენ არ დავიხევთ უკან ოჯახის, ადამიანისა და ბუნების დაცვაში სხვა ქვეყნებთან სოლიდარობით. ვიწვევ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ იგივე შეშფოთებებს, გამოგვიწოდონ დახმარების ხელი ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ერდოღანმა.