ჩინეთის ხელისუფლებამ 2023 წლის ახალი გეოგრაფიული რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც რუსეთის კუთვნილი დიდი უსურიის კუნძული თავის ტერიტორიად გამოაცხადა – ამის შესახებ ინფორმაციას RBC ავრცელებს.
ახალ ოფიციალურ რუკაზე კუნძული აღნიშნულია, როგორც ჩინეთის ტერიტორიის ყველაზე აღმოსავლეთი წერტილი. განმარტებით ტექსტში ხაზგასმულია, რომ “რუკა შედგენილია ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საზღვრების დიზაინის ეროვნული სტანდარტების შესაბამისად“.
დიდი უსურიის კუნძული დაახლოებით 340 კვადრატულ კილომეტრს იკავებს. იგი ხაბაროვსკთან ახლოს, მდინარე უსურის შესართავთან მდებარეობს. კუნძულის საკუთრების შესახებ დავა რუსეთსა და ჩინეთს შორის ჯერ კიდევ 1800-იან წლებში დაიწყო, ხოლო 1920-იან და 1930-იან წლებში კუნძული საბჭოთა ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა.