მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, აქტიური სპორტული ცხოვრებით დაკავებული შშმ პირები მარნეულიდან, ტრადიციულ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ. ბანაკი შშმ პირებისთვის ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით ურეკში გაიმართა.
ურეკის 7 დღიანი ბანაკის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: პეინტბოლში, პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში ბოჩა, მჯდომარე ფრენბურთში, მკლავჭიდში, მშვილდოსნობაში, დომინოსა და ნარდში, წოლჭიმში, როგორც გუნდურ ისე ინდივიდუალურ დისციპლინებში.
ჩემპიონატზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, წარმატებით იასპარეზეს მარნეულის წარმომადგენლებმა: შორენა კრაველიძემ, გიორგი მანჯიკაშვილმა და გოჩა კოჩალაძემ.
პროექტის მიზანს წარმოადგენს შშმ პირების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება, შემეცნებისა და ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ.