ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1973 წელს დაბადებული შ.ხ., 1999 წელს დაბადებული ა.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1993 წელს დაბადებული მ.გ.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა, კერძოდ, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურებისთვის შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ.
იმ შემთხვევაში თუ კი დაზარალებულები ბრალდებულების მიერ დასახელებულ თანხას არ გადაიხდიდნენ, მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამ გზით ეუფლებოდნენ ფულს.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.