ლიფტი ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი ტრანსპორტია. იმისთვის, რომ ეს ტრანსპორტი დიდხანს და უსაფრთხოდ გვემსახუროს, აუცილებელია მისი მოვლა, რეგულარული შემოწმება, ტექნიკური მომსახურება და ა.შ.
თუ ადრე ლიფტის გამართულობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრებოდა, ახლა იგი მოსახლეობის საკუთრებაა და თითოეული მოქალაქე, უფრო კონკრეტულად კი, კორპუსის ამხანაგობაა ვალდებული, მასზე იზრუნოს.
მოგეხსენებათ, თბილისში კორპუსების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდშია აშენებული და უმეტეს მათგანში ლიფტებიც იმდროინდელია. ამ ლიფტებს ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდათ, ამიტომ მათი უმრავლესობა წყობიდანაა გამოსული, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს და შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
მოძველებული და წყობიდან გამოსული ლიფტებით მგზავრობა მხოლოდ თბილისელების პრობლემა არაა. იგივე საკითხი მწვავედ დგას ბათუმსა და რუსთავშიც.
ნახეთ თბილისში ლიფტის ჩაწყვეტისა და მასში მყოფი მოქალაქეების დაშავების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევები:
• 2020 წელს გლდანის მე-3 მიკრორაიონში 6 წლის ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა. როგორც მოსახლეობა ჰყვებოდა – ლიფტის კარი გაიღო, კაბინა კი ბავშვს არ დახვდა. ბავშვი გადარჩა.
• 2020 წელს ბახტრიონის 6 ა-ში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად ოთხი მოქალაქე დაშავდა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო.
• 2020 წელს თემქაზე ე.წ. არაშენდას კორპუსის ლიფტი ჩავარდა – ლიფტში 6 ადამიანი იყო, რომელთა შორის იყო ბავშვიც. ყველა გადარჩა.
• 2023 წელს ვაზისუბანში ლიფტის შახტში 2 ადამიანი ჩავარდა, ცოლ-ქმარი. ორივე მათგანი დაიღუპა.
• 2023 წელს ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა – მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დღესდღეობით არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკა, რომელიც აღწერდა ექსპლუატაციის ვადაგასული ლიფტების რაოდენობას, ან ბოლო წლებში რამდენმა ლიფტმა გაიარა ტექნიკური შემოწმება და ა.შ.
ვისი პასუხისმგებლობაა ლიფტის მოვლა-პატრონობა?
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიფტი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვალდებულია 3 წელიწადში ერთხელ ჩაუტაროს ლიფტს ტექნიკური ინსპექტირება.
გარდა ამისა, ამხანაგობის თავმჯდომარეს შეუძლია ლიფტის აღდგენის ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს გამგეობას, რომელიც სადარბაზოსთვის ახალი ლიფტის შეძენისა და შეცვლის ღირებულების 80 %-ს აფინანსებს, ხოლო 20 % მოსახლეობამ უნდა დაფაროს. ეს თანხა მოგვიანებით ისევ მოსახლეობის ანგარიშზე ბრუნდება.