ყაზახეთის მაგისტრალური ნავთობსადენების ეროვნულმა ოპერატორმა, „ყაზტრანსოილმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის მიწოდება მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12-ჯერ, ანუ შარშანდელი 69 ათასი ტონიდან 838 ათას ტონამდე გაზარდა. ახალ მონაცემებს კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 8 თვის განმავლობაში აქტაუს პორტიდან ყაზახური ნავთობის ექსპორტის მოცულობამ 2,164 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 759 ათასი ტონით, ანუ 54%-ით მეტია. კერძოდ, თენგიზის საბადოდან 520 ათასი ტონა, დუნგას საბადოდან 252 ათასი ტონა, ბუზაჩის ნახევარკუნძულიდან 1,385 მილიონი ტონა, ხოლო კაშაგანის საბადოდან 7 ათასი ტონა ნავთობი გადაიტვირთა. ამასთან, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთი ბთჯ-ის მარშრუტისთვის წლის ბოლომდე 3 დიდტონაჟიან ტანკერს შეიძენს. ეს ყაზახეთის ეროვნულ საზღვაო გადამზიდავ „ყაზმორტრანსფლოტისა“ და არაბული Abu Dhabi Ports-ის ერთობლივი საწარმოს ფარგლებში მოხდება. აპრილში გაზეთი, „კომერსანტი” წერდა, რომ „ყაზმორტრანსფლოტი“ რუსეთის გვერდის ავლით და აზერბაიჯანიდან ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ექსპორტისთვის კასპიის ფლოტის, თითქმის, გაორმაგებას გეგმავს. სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ყაზახეთი ზრდის ნავთობის ექსპორტს რუსეთის პორტების გვერდის ავლით, რადგან ევროკავშირის სასანქციო რისკების ზონაში ყოფნა არ სურს. ამჟამად მთავარი ალტერნატიული მარშრუტი ბთჯ-ის მილსადენია, რომლითაც ყაზახური ნავთობი კასპიის ზღვის გავლით ტრანსპორტირდება. იმის მიუხედავად, რომ ეს მარშრუტი ყაზახეთს ტონა ნავთობზე 100 დოლარი, რუსული მიმართულება კი მხოლოდ 38,4 დოლარი უჯდება, ქვეყანა ბთჯ-ის მილსადენს მთავარ ალტერნატივად მაინც განიხილავს. მეტიც, აგვისტოს ბოლოს „ყაზტრანსოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ საგიევმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის გამო სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ყაზახეთმა შესაძლოა, შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტიდან ნავთობის ექსპორტი შეწყვიტოს. ცნობისთვის: ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა, მარშრუტების დივესიფიკაციის ფარგლებში, მთავრობას ჯერ კიდევ 2022 წელს დაავალა, ნავთობის ტრანსპორტირება ტრანსკასპიური დერეფნის გავლით გაზარდოს. ამ ინსტრუქციის თანახმად, ნაციონალურმა კომპანია „ყაზმუნაიგაზმა”და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის მილსადენის მიმართულებით წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. ბთჯ-ის მილსადენისთვის აქტაუს პორტიდან თენგიზის ნავთობის მიწოდება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ამჟამად მოცულობა თენგიზისა და „კოროლევსკოეს“ საბადოების განვითარების ოპერატორ Tengizchevroil-ის რესურსებიდან იგზავნება. ბთჯ-ის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება. 2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ექსპორტმა 225,445 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 12,6%-ით მეტია. „ყაზტრანსოილი” ნაციონალური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ჯგუფში შედის. ის 5,4 ათასი კმ სიგრძის მაგისტრალური ნავთობსადენების დივერსიფიცირებულ ქსელს ფლობს, ნავთობის ტრანსპორტირებას კი ყაზახეთის გადამამუშავებელ ქარხნებში და ექსპორტისთვის ახორციელებს.
-