This is a specific ad

ქართველი ხალხისთვის ახლა მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ბაიდენის ადმინისტრაციის დემარში იყო სწორედ ამაზე პასუხი – სოზარ სუბარი

167

Another advertisement

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის დემარშის მიზეზები განმარტა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა აღნიშნა, მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხში საქართველოსა და აშშ-ის ინტერესი არ ემთხვევა ერთმანეთს.

როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ვიღაცების ინტერესებს შეეწიროს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ის, რომ მშვიდობის შენარჩუნება მოსახლეობის მთავარი მიზანია, „ხალხის ძალის“ ლიდერის თქმით, გამოჩნდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხალხის არჩევანი სწორედ მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთდება.

„მშვიდობის შენარჩუნებაზე დიდი ამოცანა დღეს საქართველოს არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე და მთელი „ქართული ოცნების“ გუნდი, „ხალხის ძალასთან“ ერთად, შეძლებს იმ მთავარი ამოცანის შესრულებას, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე – ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის უდიდესი ტრაგედია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. ძალიან ბევრი იყო მოსურნე იმის, რომ მსგავსი ტრაგედია საქართველოშიც დატრიალებულიყო.

არცთუ დიდი ხნის წინ ბრიტანული The Economist წერდა, რომ რუსეთს არ აქვს ძალა და არ ეყოფა რესურსები იმისთვის, რომ ორ ფრონტზე გაშალოს ბრძოლ, მას არ ეყოფა ძალა გამარჯვებისთვის. სწორედ ამიტომ არ ცხრება მცდელობები, რომ საქართველო იყოს ამ მეორე ფრონტის ადგილიც და მოქმედი პირიც. ორწელიწადნახევარია გრძელდება ამ რესურსების სიმცირეზე საუბარი, მაგრამ რაღაც ვერ ვამჩნევთ, რომ რუსეთს საომარი რესურსები ელევა. ჩვენ ნამდვილად ვერ და არ შევწირავთ ვიღაცის ინტერესებს ჩვენს სამშობლოს.

რეალობაა, რომ ხშირად ჩვენი და ჩვენს „სტრატეგიული პარტნიორებად“ წოდებული ქვეყნების ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში. მსგავსი განცხადებები აშშ-ის მაღალჩინოსნებისგან არაერთხელ მოგვისმენია უკრაინის კონტექსტშიც. მაგალითად, ახლახან სენატორმა ლინდსი გრემიმ თქვა, რომ 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების წიაღისეულია უკრაინის მიწაში და ამას რუსეთს ვერ დავუთმობთო. ანუ, პირდაპირ თქვა, რომ აშშ-ს აქვს ინტერესი, თვითონ დაეპატრონოს ამ სიმდიდრეს და ამიტომ მიმდინარეობს ომი უკრაინაში.

უფრო ადრე მოვისმინეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებები – როცა ჩვენ უკრაინას ვეხმარებით, ამით რუსეთს ვასუსტებთო, ხოლო უკრაინისადმი გაწეული დახმარების 90% ისევ აშშ-ში რჩება, სადაც იქმნება ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და ვითარდება სამხედრო მრეწველობა. მათი თქმით, ეს კარგია ამერიკისთვის, სადაც ამ ომის გამო სამხედრო სამრეწველო კომპლექსი სწრაფი ტემპით ვითარდება და უზარმაზარ ფულს აკეთებს, კარგია იმ სამი ამერიკული კომპანიისთვის, რომლებმაც უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწის 60% შეიძინეს (17 მლნ ჰექტარი), კარგია კომპანია ბლექროკისთვის, რომელიც ფლობს აქციების წამყვან პაკეტს როგორც ამ სამ კომპანიაში, ისე იარაღის მწარმოებელ კომპანიებშიც, მაგრამ დამღუპველია უკრაინისთვის. ასეთი დაღუპვისთვის ჩვენ საქართველოს ვერ გავიმეტებთ და ამიტომაც, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს ომში ჩათრევას შეძლებს, ეს არ მოხდება. ეს კარგად გამოჩნდება ქართველი ხალხის არჩევანში, რომელსაც ის 26 ოქტომბერს გააკეთებს.

სხვათა შორის, გუშინწინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გამოაქვეყნა მონაცემები ქრონოლოგიურად, თუ ყოველდღიურად რამდენი განცხადება კეთდება ჩვენი ე.წ. სტრატეგიული მეგობრების მხრიდან ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. იმ ოპოზიციის, რომელიც სინამდვილეში არის უცხო ძალების აგენტურა და რომელიც მზად არის მისი პატრონების პირველივე ბრძანებაზე საქართველო ჩართოს ომში. ეს იმიტომ ხდება, რომ ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა და მათი მფარველები ფიქრობენ, რომ ასეთი განცხადებებით შეაშინებენ ქართველ ხალხს და მოახდენენ ზემოქმედებას მის არჩევანზე. ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ ხალხისთვის ახლა მშვიდობაზე და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვანი არაფერია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის შესახებ
Öncəki yazı
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს წალენჯიხაში, შუახევსა და ქობულეთში გაიმართება