Another advertisement
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან მუშკუდიანმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
3 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, რომლის შემდგომ სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სკოლის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.
სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალარინების და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ 210 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ევროსტანდარტების შესაბამისი ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ახორციელებს.