აშშ-ში, ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. სტიქიისთვის შტატში რამდენიმე დღე ემზადებოდნენ. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნებოდა ბოლო წლების განმავლობაში.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.
გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“.
„მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, – განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა.
ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი.
ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.