ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი საუბრობს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს მოსწავლის ცხოვრებაში. იხსენებს საკუთარ გამოცდილებასაც, როგორ შეცვალა ერთმა მასწავლებელმა მისი ცხოვრება: – სწავლა ყველა ბავშვს უყვარს, მაგრამ ვაძულებთ. მეც შემაძულეს… შემაძულეს იმიტომ, რომ რუსული ვერ გავიგე და არ გამაგებინა მასწავლებელმა. იმის მაგივრად, რომ ეთქვა: “შალიკო, აბა, დამიჯექი 10 წუთი, აი, ასე თქვი…” ორიანები მომაყარა. მათემატიკაში რაღაც ვერ გავიგე და ისევ ორიანები. მერე ფიზიკა, ქიმია მოვიდა და არ მესმოდა ეს საგნები. დამხმარე არავინ მყავდა. საფუძველში, რომ დაშინებული ვიყავი, მერე მეგონა, რომ ვერაფერს ვისწავლიდი. ასე მივედი მე-6 კლასამდე. მე-7 კლასშიც ოროსანი გახლდით. მე ახლა იმ ორიანებს ძალიან ვაფასებ. ის ორიანები და იმის გაგება, რომ თუ მე არა, სხვა ვინ მიშველიდა, დამეხმარა. იმ ორიანებიდან რომ ამოვძვერი, მაშინ გავხდი კაცი… მე-7 კლასის შემდეგ მოვიდა მასწავლებელი, რომელზეც მეგონა, რომ მარტო ჩემთვის იყო დაბადებული. ყველა ბავშვს ერთი მასწავლებელი მოუვა ცხოვრებაში და ყველა მასწავლებელი ერთი ბავშვისთვისაა გაჩენილი ქვეყანაზე. მაგრამ, რომელია ეს ერთი, მასწავლებელმა არ იცის. ამიტომ, ყველას ისე უნდა მოექცეს, როგორც ერთს. ჩემთან ვარვარო ვარდიაშვილი მოვიდა, როცა მე-7 კლასში ვიყავი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. მან პირველი 5-იანები დამიწერა. არ მეკუთვნოდა 5-იანები, მაგრამ რატომღაც დამიწერა. ამ 5-იანებმა ფრთები შემასხა… მაშ, შემძლებია. ერთხელ ყურში ასეთი რამ ჩამჩურჩულა: “ჩემი 5-იანები 2-იანების გვერდით წითლდებიან და რა ვუყოთ ამას?” ეს ჩამჩურჩულა მაშინ, როდესაც კლასში თხზულებას ვწერდით… მასწავლებლის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ ეს 2-იანები რაღაცნაირად თავად მომესპო. დავიწყე ყველაფრის ჯერ ზეპირად სწავლა. ზეპირობამ 2-იანები გააქრო და 3-იანები გაჩნდა. მერე ნაზეპირები გავიცნობიერე, გავიგე, ჩავწვდი და მე-7 კლასის ბოლოდ 4-იანები და 5-იანები მყავდა. მე-9 კლასში ხუთოსანი ვიყავი, მარტო რუსულში ვიყავი ოროსანი. ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ჩემი მასწავლებელი მომადგა კარს… ჩვენს ცხოვრებაში არის მომენტები, რომ ან ერთი გზით გვიწევს წასვლა, ან მეორე. მასწავლებელმა ჩემი თავის რწმენა დამიბრუნა. მუჭში დავიჭირე საკუთარი თავი. დედას დახმარება არ შეეძლო, სხვა მასწავლებლები ამის გამო თავს არ იკლავდნენ, ერთდერთი ეს ქალი იყო. ვარვაროს მოსწავლეები იყვნენ მუხრან მაჭავარიანი, ოთარ ჭილაძე. ისინი მთაწმინდის პანთეონში არიან დაკრძალულნი. მთაწმინდის პანთეონის მოღვაწეთა მასწავლებელი იყო. მე კი ის ჩემი საკუთარი მასწავლებელი მეგონა, თურმე, ყველასი ყოფილა… ამას იმიტომ ვყვები, რომ სხვა მასწავლებელმა მოისმინოს და დაფიქრდეს:უკვე მასწავლებელი ხარ, გაწირე, რა თავი ბავშვისთვის.
-