This is a specific ad

„საქართველოში დასმული არასწორი დიაგნოზით ქართველი პაციენტები თურქეთის კლინიკებში ხვდებიან“

46

Another advertisement

რამდენიმე წლის წინ ხუთ და-ძმაში ყველაზე უფროს დას უმცროსმა ძმამ დაურეკა და უთხრა, ჩემს ხუთი თვის შვილს სიმსივნე აქვს, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა დამეხმარო და გადამირჩინოო. თეონა ელიაძე არც დაფიქრებულა, აიყვანა ხელში 5 თვის ძმისშვილი და თურქეთის საზღვარი მის მშობლებთან ერთად გადაკვეთა. ამის შემდეგ ის თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის კედლებს თითქმის 8 თვის განმავლობაში არ მოშორებია. სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრის არაერთხელ გადალახვის შემდეგ პატარა ნიკოლოზი გამოჯანმრთელდა და დღეს ის 8 წლის არის, თეონა კი მას შემდეგ იმავე დიაგნოზის ბავშვებს არაერთხელ დაეხმარა. ეს გზა აღარც მიუტოვებია და ამჟამად თურქეთის იმავე კლინიკის მენეჯერია. პარალელურად, სხვა “პროფესიაც” შეითავსა, – გამთენიისას აეროპორტში საქართველოდან ჩასულ პაციენტებს ხვდება, სანუგეშო სიტყვას ეუბნება და სიცოცხლის იმედს აძლევს.

– სამწუხაროდ, საქართველოდან სიმსივნური დაავადებებით მომართვამ იმატა. ახალშობილებში განსაკუთრებით ლეიკემიის დიაგნოზი გახშირდა, თანაც იმ სიტუაციაში, როდესაც ოჯახს სამკურნალო ფული არ გააჩნია. ეს პირადადაც გამომიცდია, ვიცი, რა სიმწარეა, ამიტომაც მინდა ყველაფერი გავაკეთო მათი გამოჯანმრთელებისათვის. ოფიციალურად აეროპორტში წასვლა არ მევალება, მაგრამ რომ ვიცი, უცხო ქვეყანაში დახმარების ხელის გაწვდენა როგორი ნუგეშია, უკან არასოდეს დამიხევია. აეროპორტში გამთენიისას მივდივარ და ყოველთვის იმ ფიქრით, რა სიტყვები მოვძებნო სანუგეშოდ. საბედნიეროდ, მართლაც ძალზე ბევრი შემთხვევა მთავრდება გამოჯანმრთელებით.

ხშირად საქართველოდან ჩამოსულ პაციენტებს მკურნალობისთვის არ ჰყოფნით ის ფული, რომლითაც სახელმწიფო აფინანსებს, და მაშინ ჩემი წარსული მახსენდება – მეც არ გამაჩნდა საჭირო ოდენობის თანხა ჩემი პაწია ძმისშვილის გადასარჩენად, რომ არა სულ უცხო ხალხის დახმარება. ამ დროს ვიკრებ გაბედულებას, შევდივარ ექიმებთან და პირდაპირ ვეუბნები, რომ სამკურნალო თანხა საკმარისი არ არის, მაგრამ მაინც უნდა უმკურნალონ. საბედნიეროდ, როგორც კი ბავშვებს რაიმე ცუდი დაემუქრება, ხშირად მათ დასახმარებლად ჩვენი საზოგადოება ერთიანდება, რომელიც თავადაც ხელმოკლედ ცხოვრობს. ამ დროს თურქეთში მკურნალობა თურქეთის მოქალაქეებისათვის უფასოა და ეს სანატრელია საქართველოსათვის.

– როგორია თურქი ექიმების ან პირადად თქვენი აზრი, რა იწვევს საქართველოში ბავშვებში სიმსივნური დაავადებების ზრდას, და არა მხოლოდ ბავშვებში?

– უპირველესად უსახსრობა. არის, რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებიც, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი მაინც ეს არის. პარალელურად, საქართველოდან ჩამოსული პაციენტები აქაურ კლინიკებში სხვა პრობლემის გამოც ხვდებიან, რის შესახებაც დუმილი არ შეიძლება. ეს არის საქართველოში დასმული არასწორი დიაგნოზი. უამრავი შემთხვევაა, როდესაც პაციენტი მძიმე დიაგნოზით ჩამოდის და აღმოჩნდება, რომ ის დაავადება სულაც არ აქვს. მათ შორის, არის სიმსივნის მცდარი დიაგნოზებიც.

ცოტა ხნის წინ საქართველოდან ჩამოვიდა პაციენტი ლეიკემიის დიაგნოზით, რომელსაც ლეიკემია კი არა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ჰქონდა. იმავე პერიოდში მივიღეთ პაციენტი, თავად ექიმი, რომელიც თურქეთში თავის ანევრიზმის საოპერაციოდ ჩამოვიდა. დიაგნოზზე საქართველოში სამი ექიმი აწერდა ხელს. თუმცა, როდესაც კვლევები ჩაუტარდა, აღმოჩნდა, რომ არც ანევრიზმა ჰქონია და არც საოპერაციო ყოფილა. მან ეს თავად მითხრა და თანაც, იმ მომენტში, როდესაც ნარკოზიდან ბოლომდე გამოსულიც არ იყო. ალბათ, მისი მისუსტებული და თან ბედნიერი ხმა სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება.

ამ დღეების ბოლო შემთხვევასაც გეტყვით, – ჩვენთან იმყოფება ერთი ცნობილი ქართველი მომღერლის დედა, რომელსაც დიაგნოზად ღვიძლის სიმსივნე უწერია, სინამდვილეში კი სიმსივნე ნაწლავზე აქვს, რაც მკურნალობის სულ სხვა მეთოდს მოითხოვს. გამოდის, სულ სხვა მკურნალობა ჩაუტარდებოდა საქართველოშიც, რაც მდგომარეობას უფრო დაუმძიმებდა. ასე რომ, ასეთი შემთხვევაც ბევრია – არასწორი მკურნალობის დამძიმებით განპირობებული შემთხვევები.

სხვათა შორის, სწორედ ამიტომ საქართველოდან ჩამოსული არაერთი პაციენტი ჩემი თხოვნითვე ოპერაციას ვიდეოგადაღებით იკეთებს, რათა ეს პრობლემა გახმაურდეს და მასთან ბრძოლა შევძლოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში პროფესიონალი ექიმები არა გვყავს, გვყავს და ბევრი ძალიან კარგიც, მაგრამ ზოგიერთის შეცდომას, სამწუხაროდ, ხშირად ვეღარაფერი ასწორებს.

– თუმცა ბოლო დროს ლეტალური შემთხვევები დაფიქსირდა თურქეთში ჩატარებული ბარიატრიული, ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაციების შემდეგ.

– არაკეთილსინდისიერების შემთხვევები შესაძლოა თურქეთშიც იყოს, მით უფრო, რომ საქართველოს საზღვართან არაერთი მცირე კლინიკა იხსნება. იმავდროულად, საბედისწერო შეცდომები მოსდით პაციენტებსაც. ბარიატრიული ოპერაციიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავტომანქანის საჭესთან დაჯდომა 4 საათზე მეტხანს დაუშვებელია. როდესაც ექიმი გეუბნება, რომ საჭესთან ამ დროზე მეტხანს არ დაჯდე, არ უნდა დაჯდე მხოლოდ იმ იმედით, რომ თავს კარგად გრძნობ.

– წარმატებას გისურვებთ, როგორც პიროვნებას, რომელიც ადამიანებს ანუგეშებს, იმედს აძლევს და მათ გამოჯანმრთელებაში მონაწილეობს.

– გამოჯანმრთელებული ადამიანის ცქერა იმდენად სასიამოვნოა, ეს თავისთავად არის ბედნიერება, რომელსაც ადამიანი დაუსრულებლად ეძებს. როდესაც ამას ვპოულობ და მადლიერების სიტყვები მესმის, ამაზე დიდი ჯილდო არ მეგულება.

Sonrakı yazı
ოზურგეთში პატრულ-ინსპექტორი ქვეითს დაეჯახა – ქალი გარდაიცვალა
Öncəki yazı
Bolnisi bələdiyyəsində çoxfunksiyalı idman zalı istifadəyə verilib